აფხაზეთის ომის ვეტერანები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გია ბარამიძის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ.
ვეტერან დათო ღვინჯილიას განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვები აბსოლუტურად გაუაზრებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან ომის დროს ქართველ მეომრებს ტყვეები არასდროს დაუხვრეტიათ.
"მის გამოსვლას შევაფასებ როგორც უაზროს, აბსოლუტურად გაუაზრებელს. ეს შეიძლება უბრალო ადამიანს ეპატიოს, მაგრამ იმ პიროვნებისგან, რომელსაც ასეთი თანამდებობები ეკავა, თან პარლამენტის წევრი იყო, თან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი, ეს წარმოუდგენელია. თან, მით უმეტეს, საფუძველიც არ ჰქონდა ეს განცხადება რომ გაეკეთებინა, არავითარი საფუძველი. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე იქ ხელმძღვანელი ვიყავი, სხვადასხვა პოზიციაზეც ვყოფილვარ, არასდროს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ქართველ მეომარს ტყვედ აეყვანა მოწინააღმდეგე და დაეხვრიტოს. ამართლებდა იმ მხარეს, თითქოს დისციპლინირებული მოქცევა ჰქონდათ მათ და ჩვენ ვიყავით, ე.ი. ანარქისტები და რაღაც წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩავდიოდით. რა ვიცი, ქართველი კაცისგან, თუ ქართველად მიაჩნია მაგას თავი, წარმოუდგენელი განცხადება იყო ჩვენთვის," - აღნიშნავს დათო ღვინჯილია.
შეგახსენებთ, რომ გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. განცხადებას საზოგადოებისა და ვეტერანების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ბარამიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და დააზუსტა, რომ ტყვეებს არა ჯარისკაცები, არამედ "ხალხი ხოცავდა".