მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.
უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, რომ საქმე უკავშირდება პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციას. მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მიიღეს დადგენილება არახამიას თანაშემწის ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად. ეს საგამოძიებო მოქმედება, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საქმეს, რომელიც რადას დეპუტატებისთვის ხელფასების კონვერტებით დარიგებასა და კორუფციულ სქემებს ეხება.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ არახამია ერმაკის ბედს გაიზიარებს.
"ეს ადამიანი, ბატონო არახამია, რომელიც ჩართული იყო პრაქტიკულად ამ საორგანიზაციო საკითხებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინის შიდა პოლიტიკაში, გამოირჩეოდა აგრესიული განცხადებებით საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ერთი მხრივ, შენ როდესაც აკრიტიკებ საქართველოს ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, ჩნდება კითხვები შენი საქმიანობის მიმართ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურეს და არაჯანსაღ მდგომარეობას, რომელშიც ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები არიან.
მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ არახამია ერმაკის ბედს გაიზიარებს, ასე ემართებათ პოლიტიკოსებს, რომლებიც ომში მყოფი ქვეყნისა და ხალხის ფულით ცდილობენ ხელის მოთბობას", - აცხადებს გიორგი გაბუნია.