27 ივლისი 2026,   22:23
ვრცლად
თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მართულ კავშირამდე - ევროკავშირში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების გაუქმებას უკვე 12 მხარდამჭერი ჰყავს

თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მართულ კავშირამდე - ასე ჩანს თბილისიდან ბრიუსელის მომავალი, რადგან ბერლინის წინადადება აქტუალობას არ კარგავს. ევროკავშირში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების გაუქმებას 12 მხარდამჭერი უკვე ჰყავს - ძირითადად, დიდი სახელმწიფოები. ჰყავს მოწინააღმდეგეებიც - მცირე ქვეყნების სახით.

სწორედ პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმების საფრთხეზე მიუთითებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ვრცელ ანალიტიკურ წერილს ავრცელებს. წერს, რომ ხმის უფლების ჩამორთმევით ევროკავშირის წევრი ქვეყნები კარგავენ პრივილეგიას, ვეტო დაადონ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის გარანტი კი კონსენსუსის მოქმედი პრინციპია, რომელიც არ ასხვავებს წევრ სახელმწიფოებს ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსით. სპიკერი წერს, რომ, ამ ფონზე, ქრება კავშირში ინტეგრაციის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაცია, სანაცვლოდ კი ჩნდება კითხვა - რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?

მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ბრიუსელის მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში, პატარა სახელმწიფოები მხოლოდ ევროკავშირის მიღმა შეძლებენ შეინარჩუნონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. მათი თქმით, საყოველთაო შეთანხმების წესის გაუქმებით, უქმდება ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც თავად ეს გაერთიანება შეიქმნა.

გერმანული ინიციატივის პარალელურად, ბრიუსელში დაწყებულია დისკუსია ახალი წევრებისთვისაც - გადამწყვეტი ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობაზე.

მსგავსი მიდგომები რომ უსამართლოა, აღიარებენ ოპოზიციაშიც, თუმცა სააკაშვილის პარტიაში ამას მხოლოდ უკრაინის მაგალითზე ამბობენ.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაში ჩანს ფარული მიზანიც - ქვეყნებმა თავადვე შეიკავონ თავი კავშირში ინტეგრაციისგან და ავტომატურად შეჩერდეს გაფართოების პროცესი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკავშირში თანასწორუფლებიანი წევრების მიღება არ სურთ და სწორედ ამიტომ უთხრეს თავის დროზე საქართველოსაც უარი მოლაპარაკების გახსნაზე.

კონსენსუსის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დისკუსია გერმანიამ ჯერ კიდევ მაისში გახსნა. გადაწყვეტილების მიღების წესის რეფორმირების მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ ისევ გააქტიურდა.

დღის ამბები