"მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა," - ასე გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას.
ნოდარ მაჭარაშვილის თქმით, მისი ოჯახი გვერდით უდგას ნიკა ხურცილავას.
"დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი - არ არსებობს ოჯახი, ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე", "კუკარაჩაზე" არ გაზრდილიყო. ამიტომ, ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც - "ჰელადოსი", "თეთრი ბაირაღები" და "კუკარაჩაც" ეგ არის. ამათ კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რომ ჰგონიათ... ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას," - აცხადებს ნოდარ მაჭარაშვილი.
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ ნიკო ხურცილავას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი 5000-ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული ონისე ოქრიაშვილს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა, მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა.