Financial Times-ის ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის რადიკალურ რეფორმირებას და მისი უფლებამოსილებების შემცირებას განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, პარიზი და ბერლინი მიიჩნევენ, რომ უწყება დღევანდელ გეოპოლიტიკურ კრიზისებს ეფექტურად ვერ პასუხობს, რის გამოც დღის წესრიგში მთავარი დიპლომატის, კაია კალასის უფლებამოსილების შეზღუდვა და ფუნქციების ევროკომისიისთვის დაბრუნება დგება.
ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის დიპლომატიური სამსახურის დაშლას განიხილავენ.
საფრანგეთი და გერმანია განიხილავენ წინადადებებს ევროკავშირის 15 წლის წინ შექმნილი დიპლომატიური სამსახურის რადიკალური რეფორმირების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს ბლოკის რეაგირება გეოპოლიტიკურ კრიზისებზე.
პარიზი, ბერლინი და სხვა დედაქალაქები განიხილავენ ვარიანტებს, რომლებიც მოიცავს ბლოკის მთავარი დიპლომატისთვის, კაია კალასისთვის და მისი წლიურად 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევას და მათ დაბრუნებას ევროკომისიისა და წევრი ქვეყნებისთვის. ამის შესახებ ხუთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლებიც ამ დისკუსიებში არიან ჩართულები.
"ნათელია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ის დისფუნქციურია", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. "პრობლემა სტრუქტურულია, ამიტომ სტრუქტურა ხელახლა უნდა აშენდეს".
როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლებში ევროკავშირი შეაშფოთა უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებებმა, ასევე ტარიფების, ეკონომიკური იძულებისა და ენერგომომარაგების, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების, მზარდმა გამოყენებამ და ამ ფონზე ბევრმა დასვა კითხვა, შესწევს თუ არა უნარი EEAS-ს, კოორდინაცია გაუწიოს ეფექტურ საპასუხო ნაბიჯებს.
წინადადება, დეტალურად არის აღწერილი საფრანგეთის მთავრობის შეფასებაში და რომელიც სხვა წევრ ქვეყნებს გაუზიარეს.
პარიზის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი იდეაა უმაღლესი დიპლომატის "ავტონომიის" შეზღუდვა (რომელსაც ამჟამად ორმაგი როლი აქვს და ანგარიშვალდებულია როგორც წევრი ქვეყნების, ისე კომისიის წინაშე) და მისი კონტროლის შესუსტება 140-ზე მეტი დელეგაციის ქსელზე, რომლებსაც EEAS მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს.
"დედაქალაქები გაღიზიანებულები არიან და სურთ ეფექტური გზა, რათა საგარეო ასპარეზზე ერთხმად ვიმოქმედოთ", - განაცხადა კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა. "არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ [EEAS] დაიშალოს".
დიპლომატიური სამსახურის რესტრუქტურიზაციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლებელია ევროკავშირის ხელშეკრულების შეცვლის გარეშე.
ხელშეკრულების მიხედვით, რომ EEAS უნდა „დაეხმაროს“ მთავარ დიპლომატს იმ პირობებით, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს და 2010 წლით თარიღდება. ამ პირობებში ნებისმიერი ცვლილების შეტანას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.
ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე ქვეყანამ დახურულ კარს მიღმა აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან დიდი დუბლირება და კოორდინაციის ნაკლებობა EEAS-ს, ეროვნულ საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და კომისიისა და საბჭოს საგარეო ურთიერთობათა დირექტორატებს შორის.
ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ კალასი ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობები და გამოდის ისეთი წინადადებებით, რომლებიც დედაქალაქების მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.
ამავდროულად, EEAS და ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედი ევროკომისია ჩართულნი არიან ბრძოლაში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პირველობისთვის.
ფონ დერ ლაიენმა - გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - თავისი როლი ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა გააფართოვა, როდესაც თავადვე უწოდა თავის გუნდს „გეოპოლიტიკური კომისია“, დანიშნა ბლოკის პირველი თავდაცვის კომისარი და რეგულარულად იღებს ლიდერობას უკრაინაში რუსეთის ომზე ბლოკის რეაგირების პროცესში.
მან ასევე განიხილა დაზვერვის გაზიარების განყოფილების შექმნა, იმის მსგავსი რომელიც უკვე არსებობს EEAS-ის ფარგლებში - იდეა, რომელსაც კალასი ეწინააღმდეგება.
სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ EEAS-ის რეფორმაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიმდინარე დისკუსიებმა ბლოკის მომავალ ერთობლივ ბიუჯეტზე, სადაც ბევრი წევრი ქვეყანა ითხოვს ხარჯების შემცირებას და ბრიუსელში პროცესების ოპტიმიზაციას.
მათივე თქმით, EEAS-ის უფლებამოსილებების გადატანამ კომისიისა და საბჭოს შიდა დირექტორატებში შესაძლოა დაზოგოს თანხები შტატების შემცირების ხარჯზე.
მაგალითად, სანქციების სიების შედგენა და სამხედრო მისიების წინადადებები შეიძლება გადაეცეს საბჭოს, ხოლო ყოველდღიურ დიპლომატიას ზედამხედველობას კომისია გაუწევს.
ორი ოფიციალური პირის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო სამსახურის გარდაქმნის იდეები ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტში, რომელიც კომისიამ ამ ზაფხულს უნდა გამოაქვეყნოს.
ოფიციალური პირების თქმით, შესაძლო გამოსავლის შესახებ საფრანგეთის შეფასება წინასწარი ხასიათისაა, განიხილება ორმხრივ დონეზე ევროკავშირის მთავრობების მაღალჩინოსნებს შორის და წარმოადგენს EEAS-ის მომავალთან დაკავშირებით წამოყენებული რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთს. პარიზმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტს აქვს თავისი პლუსები და მინუსები.
საფრანგეთმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
კალასის წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ის "სრულად არის ფოკუსირებული თავისი მანდატის შესრულებაზე" და დასძინა: "მისი მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც EEAS-ის, ისე კომისიის შემდგომი გაძლიერება საგარეო ქმედებებისა და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ხელშეკრულებების იმპლემენტაციისთვის".
"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ძლიერია მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან", - დასძინა წარმომადგენელმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს მარტის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება უფრო ძლიერი დიპლომატიური სამსახური, რომელიც "მჭიდრო კოორდინაციით იმუშავებს წევრ ქვეყნებთან და უზრუნველყოფს თითოეული ინსტიტუტის კონკრეტული კომპეტენციების პატივისცემას, განსაკუთრებით ევროპის უსაფრთხოების მომავალ სტრატეგიაში".
როდესაც მედიამ გერმანელ ოფიციალურ პირს წინადადებების შესახებ ჰკითხა მან განაცხადა: "ცვალებად მსოფლიოში ნათელია, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროკავშირი და უფრო ძლიერი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ფრთა. სწორედ ამიტომ, EEAS-ის შექმნის დღიდან, ჩვენ ვცდილობდით და ვაგრძელებთ სწრაფვას გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაუმჯობესებისა და ჩვენი ერთობლივი საგარეო პოლიტიკის გაძლიერებისკენ".
ოფიციალურმა პირებმა ასევე დასძინეს, რომ EEAS თავადაც ატარებს შიდა კვლევებს პოტენციური რეფორმის იდეებთან დაკავშირებით.
სტეფან ლენემ, ევროკავშირის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ახლა ბრიუსელში, Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარია, განაცხადა: "თუ გადახედავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განვითარებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სრულიად ნათელია, რომ შედეგები არ ყოფილა პოზიტიური".
"საჭიროა რეაგირება ჩვენს ირგვლივ არსებულ ნეგატიურ გარემოზე და ინსტიტუციური ცვლილება ამის ერთ-ერთი გზაა", - დასძინა ლენემ. „უცნაური იქნებოდა, არ მოგვეხდინა ინსტრუმენტებისა და სტრუქტურის ადაპტირება იმ ახალ რეალობასთან, რომლის წინაშეც ევროკავშირი დღეს დგას".