10 ივნისი 2026,   22:30
ვრცლად
თბილისის მერია, "რუსთავი 2-თან" თანამშრომლობით, ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებს

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - დრო, როცა მთელი დედამიწა ერთი რიტმით იწყებს ცხოვრებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც და ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს "რუსთავი 2-ის" მეშვეობით უერთდება. ტელეკომპანია ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდ საჩუქარს უმზადებს - ჩემპიონატის ყველა მატჩის ყურება მოქალაქეებს, ისტორიაში პირველად, სწორედ "რუსთავი 2-ზე" შეეძლებათ.

გამარჯვება, მარცხი, დაძაბული მომენტები და ემოციები - მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მაცხოვრებლებს 28 ივნისიდან რესპუბლიკის მოედანზეც გააერთიანებს. ტრანსლირებას თბილისის მერია და ტელეკომპანია "რუსთავი 2" უზრუნველყოფენ.

"რუსთავი 2" დიდ ეკრანზე ჩაირთვება მშობლიურ რუსთავშიც. პლანეტის ყველაზე დიდ სპორტულ მოვლენას რუსთაველები იპოდრომის ტერიტორიაზე, კომფორტულ გარემოში მიადევნებენ თვალს.

ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი - ეკრანები მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟდება. ქართველ მაყურებელს დაუვიწყარი საფეხბურთო თავგადასავლის ნახვა თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეეძლება.

48 გუნდი, 104 მატჩი და ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია "რუსთავი 2-ზე" - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საათების ათვლა დაწყებულია.

დღის ამბები