04 ნოემბერი 2026,   03:03
ვრცლად
ბერა ივანიშვილის სარჩელი სასამართლოშია - მოსარჩელე მხარე ორი ტელევიზიისგან იმ ინფორმაციის უარყოფას ითხოვს, რომელიც გამოგონილ ამბებს ეფუძნება

ორკესტრირებული, ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის სარჩელი სასამართლოშია. მონიტორინგის შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებათა ნუსხა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ადვოკატმა მიიტანა. დავით ასათიანი ამბობს, რომ სარჩელი ტელეკომპანია "ფორმულასა" და "TV პირველის" მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ეხება.

მოსარჩელე მხარე ორი ტელევიზიისგან იმ ინფორმაციის უარყოფას და დეზინფორმაციად გამოცხადებას ითხოვს, რომელიც ადვოკატის თქმით, არა ფაქტებს, არამედ გამოგონილ ამბებს ეფუძნება.

ადვოკატის თქმით, მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია არიან, მთავარი მიზანი კი ყალბი ინფორმაციით მათი რეპუტაციულად დაზიანებაა. ცილისწამებასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა კი მოსარჩელე მხარისთვის სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებაა.

კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებას წერტილი, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ სამართლებრივი ბრძოლით უნდა დაესვას.

მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, უაპელაციოდ ადამიანის დადანაშაულება რომ მიუღებელია, ეს დღეს ვერც ოპოზიციაში უარყვეს. თუმცა კონკრეტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი ნაციონალურ მოძრაობას მაინც არ შეაქვს.

სამართლებრივ სახელმწიფოში, ცილისწამებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება- ამბობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში სარჩელის პრეცედენტულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომავალში მაგალითი გახდება, რომ მტკიცების ტვირთი თავად ბრალმდებელზეა.

ბერა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება ბერა ივანიშვილმა 1 თვის წინ თავად დააანონსა. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ კოორდინირებულ და დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მისი და მისი ოჯახის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს, უპასუხოდ აღარ დატოვებდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები