საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკურად მიკერძოებული და ე.წ "დიფ სთეითის" ნაკარნახევი უწოდა. ირაკლი კირცხალია, ორგანიზაციის ეგიდით გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც მედიაზე ნეგატიური გავლენის მქონე პოლიტიკოსებში ტრამპთან, ერდოღანთან და ნეთანიაჰუსთან ერთად ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული ე.წ. კორპორაციების მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევს. პოლიტიკოსმა დღეს, საზოგადოებას "ნაცმოძრაობის" დროს არსებული მედიის ტოტალური კონტროლი და ძალადობა შეახსენა, რომელზეც RSF-ს პროტესტიც კი არასდროს დაუფიქსირებია. კირცხალიას თქმით, საქართველოში მედიაპლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაბრუნებაში უზარმაზარი წვლილი, სწორედ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესა და დამფუძნებელს მიუძღვის.
გამუდმებულ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მის ეროვნულ პოზიციას უკავშირებენ საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები. ამბობენ, რომ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იმ ორგანიზაციების სიაშია, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების გამო ამხილა. ლიდერების თქმით, ევროპაში მოქმედი ოლიგარქიული გავლენის ძალები, მმართველი პარტიის დამფუძნებელს, საქართველოს ინტერესების პერსონალურზე მაღლა დაყენების გამო ებრძვიან და მის დისკრედიტირებას ყველა ფორმით ცდილობენ.
RSF-ის რეიტინგმა დაბნეულობა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. სიაში ამერიკის პრეზიდენტის მოხვედრამ მათი განცხადებების რიტორიკა შეცვალა.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მიერ გამოქვეყნებულ სიას უცხოელი ლობისტების მიერ ოპოზიციისთვის შექმნილ საინფორმაციო დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, 2012 წელს საქართველომ, ტოტალიტარიზმის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის და ანტიდემოკრატიული პროცესებისგან, თავი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თავგანწირვით დააღწია.
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მედიაზე გავლენის მქონე პირების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.