03 ნოემბერი 2026,   23:27
ვრცლად
პრემიერი: 2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა და უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება

2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ვფიქრობ, ეს იყო დიდი შეცდომა და უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნების შეფასებები, რომლის მიხედვითაც საქართველო მოლდოვასთან ან ბოსნიასთან შედარებით, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა.

"მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს განაცხადი კი კვლავ არ დაკმაყოფილდა. ეს გარემოება კონკრეტულმა ჯგუფებმა გამოიყენეს. შიდა ოპოზიცია და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ რევოლუციის ორგანიზებას იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ეს საკმაოდ უცნაური ვითარება იყო. საბოლოოდ, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ კი წელიწადნახევრის განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. გვიწევდა ჯერ 12, შემდეგ 9 პუნქტის შესრულება. ევროკომისიისგან სხვადასხვა დღის წესრიგს ვიღებდით და საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ ყოველთვის ერთგული იყო. ჩვენ ასევე სრულად ვართ ერთგულნი ასოცირების დღის წესრიგის“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები