"კრიმინალია თუ გმირი ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას საფრანგეთში?" - "კურიერის" ამ კითხვას ევროპელმა დიპლომატმა არ უპასუხა. პაველ ჰერჩინსკი იმ გაერთიანების ელჩია, რომელმაც 2023 წელს კამპანია "მე ვისროლე" დააფინანსა.
ქართული ენჯეოები ევროკავშირის მხარდაჭერით ცდილობდნენ, სამართალდამცველების ცოცხლად დაწვის მცდელობაში მხილებული ლაზარე გრიგორიადისი გაემართლებინათ, მოლოტოვის სროლა და ქუჩების გადაწვა კი რომანტიზებულად წარმოეჩინათ. თუმცა, ახლა, როდესაც ანალოგიური საფრანგეთში ხდება, ფრანგული მართლმსაჯულება ბევრად მკაცრია.
რადგან პარიზის აქციის მონაწილეებს, პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო, სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრებათ, გაჩნდა კითხვა - მათაც გმირებად გამოაცხადებს თუ არა ევროკავშირი?
პაველ ჰერჩინსკისგან განსხვავებით, სათქმელს პირდაპირ ამბობს ლორან ნუნესი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა იმ მოძალადეს ხისტ პასუხს ჰპირდება, ვინც პოლიციაზე იერიში მიიტანა. ამ დღეებში ხმამაღალი განცხადებით გამოირჩევა ნატალი ლუაზოც - ფრანგი ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო უწყებებზე შტურმს გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდა, თავისსავე ქვეყანაში ანალოგიურ მოვლენებს გმობს და გამოდის ინიციატივით, ძალადობრივ მიტინგებს გამკაცრებული კანონი დაუპირისპირონ.
ევროპელი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებები ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია თბილისისთვის. პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, 2023 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული აქტორები საქართველოში ძალადობის რომანტიზებას ცდილობდნენ. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აუცილებელია პასუხისმგებელმა პირებმა დაგროვილ კითხვებს პასუხები გასცენ.
ოპოზიციასა და ევროპელ აქტორებს ძალადობრივი აქციების მიმართ ერთი პოზიცია რომ ჰქონდათ, ამას არქივიც მოწმობს. ლაზარე გრიგორიადისი, პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის ორჯერ სროლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი მანქანის დაწვის გამო, 2023 წლის მარტის ბოლოს დააკავეს. რამდენიმე დღეში, ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების ხელში ბანერები "მე ვისროლე" გაჩნდა. დაორგანიზდა აქციები ამ სახელწოდებით და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით. ერთ-ერთ პირველ შეკრებაზე კი, აპრილის თვეში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოჩნდა.
კრამონის განცხადებას უკვე მაისის თვეში ALDE-ს რეზოლუციაც მოჰყვა. განცხადებებს აკეთებდნენ სხვა დასავლელი პოლიტიკოსებიც. სალომე ზურაბიშვილმა კი გრიგორიადისი შეიწყალა. დღეს, როცა ევრობიუროკრატებს თავად მოუწიათ საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში თუ სხვა ქვეყნებში დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობა და დამნაშავეების დაკავება, საქართველოს მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველაფერი ნათელი გახდა.
მოლოტოვის კოქტეილის სროლის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა ქართული ოპოზიციაც. მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობა". სწორედ სააკაშვილის პარტიაში უარყვეს დღეს ის ყველაფერი, რასაც მხარს თავად უჭერდნენ. მათი განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილი არ უნახავთ, არც ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ჩამოსულან ევროპარლამენტარები თბილისში. ნაცმოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ ბანერი წარწერით - "მე ვისროლე" საერთოდ არ არსებობდა.
ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაავიწყდათ, კარგად ახსოვს საპარლამენტო უმრავლესობას. კანონმდებლების განმარტებით, ევრობიუროკრატებს, რომლებიც საქართველოში რევოლუციური მცდელობების წახალისებას ცდილობდნენ, დღეს ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.
ევროპის არაერთ ქვეყანაში ვითარება ამ დრომდე მწვავეა. გრძელდება შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ევროკომისია ძალადობრივი აქციების მონაწილეების ქმედებებს გმობს, თუმცა კვლავ არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ დუმდა ევროპელი თემიდა მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლი ენთო?