პარიზში გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" საქმეზე, რომლიდანაც ჟანდარმის სპეციალურ აღჭურვილობას ცეცხლი წაეკიდა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ფრანგული მედიის ცნობით, პროკურატურამ ფაქტი მკვლელობის მცდელობის შესაძლო შემთხვევად შეაფასა.
ვიდეო და ფოტო მასალაზე ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველს მოწყობილობას, რომელიც მის ფეხებთან ფეთქდება და ცეცხლი ეკიდება. შემთხვევა გუშინ, პარიზში გამართული დემონსტრაციისას, პორტ-დე-შარენტონის რაიონში მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნესმა განაცხადა, რომ პარიზში, პოლიციის კორდონთან მომხდარი შემთხვევის დროს, ცეცხლი მობილური ჟანდარმერიის თანამშრომლის დამცავ აღჭურვილობას გაუჩნდა. მისი თქმით, ცეცხლი თავად ჟანდარმსაც მოედო, თუმცა საბედნიეროდ, მისმა თანამებრძოლებმა დროულად შენიშნეს და დახმარება აღმოუჩინეს, ის მსუბუქად დაშავდა.