გზები, ხიდები, გვირაბები, განახლებული ქუჩები, რეაბილიტირებული ისტორიული შენობები და ახალი სპორტული სივრცეები - სამცხე-ჯავახეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული გარდაქმნების პროცესშია.
რეგიონში მიმდინარე არაერთ პროექტს შორისაა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც კურორტს სატრანსპორტო ნაკადისგან განტვირთავს და იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის გადაადგილებას გაამარტივებს.
უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი გვირაბი, დასრულებულია 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაო. დარჩენილი ორი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა აბასთუმანშიც, სადაც ურბანული განვითარების პროექტებს გაეცნო. მზადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა შენობების აღდგენას, ასევე საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
ახალციხეში რეაბილიტაცია უტარდება 3 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. პარალელურად, აშენდება კიდევ ერთი სტადიონი.
რეგიონებს შორის დამაკავშირებელი გზები, განახლებული უნიკალური კურორტი, რეაბილიტირებული ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა - პროექტების მიზანი მუნიციპალიტეტის განვითარება, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება და ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.
ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.