01 ნოემბერი 2026,   04:51
ვრცლად
თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია - პროექტი ქვეყნის სარკინიგზო ქსელის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია

ცენტრალური რკინიგზის სადგურის სალაროს და მესამე ბაქნის დამაკავშირებელი ბეტონის კიბის დემონტაჟი მალე დასრულდება. მოძველებულ კონსტრუქციას თანამედროვე ესკალატორი ჩაანაცვლებს, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და იერსახეც უკვე განსაზღვრულია.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს პირველი ბაქნის განახლების სამუშაოები. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია პირველად უტარდება.

დედაქალის სტრატეგიული ობიექტის განახლება ეტაპობრივად მოხდება. რამდენიმეთვიანი სამუშაოები ისე დაიგეგმა, რომ სადგურზე მგზავრთა მომსახურება არ შეჩერდეს. შეუფერხებლად განხორციელდება სატვირთო გადაზიდვებიც.

პროექტი ქვეყნის ყველაზე დატვირთულ რკინიგზის სადგურში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. საფეხმავლო კიბეების ნაცვლად, 4 თანამედროვე ესკალატორი დამონტაჟდება. მგზავრებისთვის გადაადგილება და ბარგის გადატანა გაცილებით კომფორტული გახდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და გადახურვა. უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით დამონტაჟდება საავარიო განათება და სახანძრო მაშუქი მოწყობილობები. საქართველოს რკინიგზა სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.

პროექტი ქვეყნის სარკინიგზო ქსელის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. ეს არის ადგილი, საიდანაც ვიზიტორების ნაწილი დედაქალაქის გაცნობას იწყებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სადგური ყოველდღიურად 2 ათასიდან 10 ათასამდე ადამიანს ემსახურება.

თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო სადგური - თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ. ლარია.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

 

დღის ამბები