"ფეისბუკ" სტატუსით თანამდებობიდან გადაყენებული "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდება. თუ ადრე ოპოზიციას ბრძოლის სტრატეგიას მიხეილ სააკაშვილი უწუნებდა, დღეს მთავარი კრიტიკოსის მანტია თინა ბოკუჩავამ მოირგო, თანაგუნდელები იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებასა და ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა. ღიად ისაუბრა ოპოზიციური სპექტრის შეცდომებზეც და თქვა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იძულებით გაერთიანებული ოპოზიცია, უფრო ადრე თავად უნდა გაერთიანებულიყო.
ამჟამად თანაგუნდელის და ერთ დროს თავმჯდომარის კრიტიკა, მხოლოდ თანამდებობიდან წასული განაწყენებული პოლიტიკოსის პოზიციაა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის. პარტიის მოქმედი მენეჯმენტიდან დღეს ბოკუჩავას ღიად უთხრეს, რომ ერთიანობა მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა იქ სადაც მათ ერთპიროვნულ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ.
ოპოზიციური ალიანსის დაშლის საფუძველი სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" გახდა. გაერთიანების შექმნიდან რამდენიმე დღეში პარტიებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები დაიწო, ერთობის ილუზიაც მალე დაიმსხვრა. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალების ალიანსში ყოფნა არც წარსულში უნდოდათ და არც მომავალში სურთ.
ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ახალი თუ ძველი მენეჯმენტით ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ რომ ოპოზიციის მარცხი უკვე გარდაუვალია, რადგან მათ ხალხისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, უცხო ძალების დავალებების შესრულება ამჯობინეს.
მორიგი განხეთქილება ოპოზიციაში, პრემიერ-მინისტრისთვის ოპონენტების სისუსტის მორიგი დადასტურებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო მანდატებზე უარი, საკუთარი ამომრჩევლის ღალატი და ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულება ოპოზიციას ძვირად დაუჯდა.
ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და პირადი შეურაცხყოფა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. ამჯერად განხეთქილების მიზეზი თინა ბოკუჩავა და მისი კრიტიკული განცხადება გახდა.