31 ოქტომბერი 2026,   01:48
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავას გამოსვლა კამათის ფონზე დასრულდა - "ქართული ოცნება" მას სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და 20 ივნისის მოვლენების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან ნათქვამ ტყუილს პასუხი დაუყოვნებლივ საკონსტიტუციო სხდომათა დარბაზშივე გაეცა - არჩილ გორდულაძის ადრესატი, ბერდია სიჭინავა იყო, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას პლენუმს და საზოგადოებას ერთდროულად არწმუნებდა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. რეალურად რა თქვა ევროსასამართლომ? მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა, ამჟამად ძებნილი და მაშინდელი შსს მინისტრის წარმომადგენელს დიდი პალატის გადაწყვეტილება ზეპირად და სიტყვა-სიტყვით განუმარტეს, ამას ბერდია სიჭინავას გაღიზიანება და კანონმდებლების მისამართით შეურაცხყოფა მოჰყვა.

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ვერდიქტი გასული წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა. 17 მსაჯულმა დაადგინა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა, რადგან აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო. თუმცა, ევროპულ სასამართლოს ჰქონდა კითხვები - რამდენად სწორად მოხდა შსს-ს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და რამდენად შეიძლებოდა ზიანის შემცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას 20 ივნისის სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გამოძიების ეფექტიანად ჩატარება დაავალა.

რაზე დაყრდნობით იცრუა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომათა დარბაზში - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სცადა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებად წარმოეჩინა, ევროსასამართლოს მითითება, რომ 20 ივნისის საქმეზე შუალედური ანგარიში მომზადებული ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც თავის მხრივ 2020 წლის 31 მარტს წერდა, რომ შსს-ს მაშინდელ მინისტრს და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. არადა ევროსასამართლო შავით თეთრზე წერს, რომ 165 პუნქტში გაკეთებული ჩანაწერი - საქართველოს სახალხო დამცველს ეკუთვნის.

ტყუილი, კანონმდებლებმა ბერდია სიჭინავას კიდევ ერთ განცხადებაში ამოიკითხეს, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის საქმეზე, ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის. ბერდია სიჭინავა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ მისმა ლიდერმა 2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება, მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქვეყანას საფრთხე და რისკები ააცილა, რაც შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ღონისძიების ჩატარებას და მელიას დაკავებას მოჰყოლოდა. თავად გახარია კი გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას 2 წლის წინ რადიკალურად განსხვავებულად ხსნიდა.

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ გიორგი გახარიას თანაგუნდელებს ტყუილში თავად გახარიაც, მხოლოდ ამ ერთი განცხადებითაც ამხელს. ბერდია სიჭინავა კი დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა სახელისუფლებო გუნდმა სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს აღმართვის შესახებ, ბერდია სიჭინავას განცხადებაშიც დაინახა, რა დროსაც სიჭინავა სხდომათა დარბაზიდან ირწმუნებოდა, რომ გიორგი გახარიამ 2019 წლის 24 აგვისტოს მიღებული ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სოფელი ჩორჩანა ოკუპაციას გადაარჩინა.

რეალური ფაქტები კი ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულ გახარიას და მის გუნდს დღეს კანონმდებლებმა შეახსენეს. უთხრეს ისიც, რომ 7 წლის წინ ხელისუფლების პირველ პირებთან შეთანხმების გარეშე მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს დამატებით 1 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია დააკარგვინა. პროვოკაციული ნაბიჯით კი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტის საფრთხის წინაშე დააყენა.

ბერდია სიჭინავას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ. სწორედ მისი სიტყვით დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი. სასამართლო კი კონსტიტუციური სარჩელის განხილვას კითხვა-პასუხით 9 ნოემბრიდან განაგრძობს.
დღის ამბები