გაძარცული მაღაზიები, პოლიციის ცეცხლმოკიდებული მანქანები და დარბეული ავტოსადგურები - გერმანიაში სოციალური მოთხოვნებით დაწყებული პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. ფრანკფურტი, ჰამბურგი, კიოლნი, ბერლინი, ბრემენი, შტუტგარტი და ბონი - ქალაქებში დემონსტრანტებს და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის შეტაკებები მოხდა. შენიღბულმა პირებმა ძალოვნებს პიროტექნიკა და ქვები ესროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. სისხლის სამართლის სხვადასხვა ბრალდებით, საპატიმროში 200-ზე მეტი ადამიანი მოხვდა.
უნებართვო აქციაში მონაწილეობა, იარაღისა და ნიღბის ტარება, ქონების განადგურება და პოლიციაზე თავდასხმა - ამ ბრალდებებით მიმდინარეობს დაკავებები შვეიცარიაშიც. პროტესტის ეპიცენტრი ციურიხი და ბაზელი გახდა. სხვადასხვა ლოკაციაზე, დემონსტრაციების დასაშლელად, პოლიციამ, სპეციალურ საშუალებებთან ერთად, რეზინის ტყვიები გამოიყენა.
საპროტესტო აქციებს დაკავებები მოჰყვა დიდ ბრიტანეთშიც. ლონდონში, შეერთებული შტატების საელჩოსთან, პოლიციამ 325 ადამიანი დააკავა. მოქალაქეებს ტერორიზმის შესახებ კანონით აკრძალული პროპალესტინური ორგანიზაციის მხარდაჭერა ედებათ ბრალად. დემონსტრანტების ნაწილი დაკავებისას პოლიციის მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანეს.
სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული პორტუგალიის ქალაქებში. ლისაბონში უძრავი ქონებისა და ქირის გადასახადის გაძვირების გამო დაწყებულ მშვიდობიან პროტესტს ფარები, ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები დაუპირისპირეს. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ.
უკვე ექვსი კვირაა, განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი არ წყდება საფრანგეთშიც. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, აქციებზე, ბოლო რამდენიმე დღეში, პოლიციამ კიდევ 779 ადამიანი დააკავა. დემონსტრაციების აკრძალვისა და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, მოსწავლეები და სტუდენტები სკოლებისა და უნივერსიტეტების ბლოკადას აგრძელებენ, პროფკავშირები კი ახალ გაფიცვებს აანონსებს.