დაზარალებული, ნანა ქადაგიშვილი, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ზეწოლასა და საკუთარი პატიმრობის დეტალებს იხსენებს.
როგორც დაზარებული გადაცემაში ჰყვება, ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა მის მეუღლეს "ვარდების რევოლუციის" დაფინანსება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ოჯახი ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს.
ქადაგიშვილი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას და მას სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
"სააკაშვილ-ადეიშვილს ჰქონდათ პირადი დაინტერესება: სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, რევოლუციის დაფინანსებას სთხოვდნენ ჩემს მეუღლეს და, ამაზე უარის მიღების შემდეგ, მათ შავ სიაში შეიყვანეს ჩემი მეუღლე. მარტო ჩემს მეუღლეზე არ არის ლაპარაკი, მთელი ოჯახი დაგვაპატიმრეს, ზეწოლას ახდენდნენ ჩემს მეუღლეზე, რომ ჩვენი დაჭერით ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. დაგვაპატიმრეს მე და ჩემი ერთ-ერთი შვილი და მეორე ძებნილი იყო 8 წელიწად-ნახევარი, შემდეგ "ქართული ოცნების" პერიოდში დაბრუნდა ქვეყანაში.
ძალიან მიხარია საკონსტიტუციო სასამართლო რომ იხილავს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის და მოძრაობის გაუქმებას და ეს იქნება ძალიან დიდი სამართლიანობის აღდგენა, რადგანაც ეს იყო მოძალადე რეჟიმი - მოძალადე რეჟიმი იმ დონეზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარეს, ოჯახები დაანგრიეს, მოკლეს ხალხი, გააკულაკეს. აი, რა ბოროტებაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ აბსოლუტურად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელი ნაციონალები, რომლებიც უფრო ახალგაზრდები არიან, იძახიან, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს თხზულებებსო. როგორ არის ჩემი საქმე თხზულება, როცა სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. მე თავად პრაქტიკულად დიასახლისი გამასამართლეს და 5 წელი პრობაციაში მატარეს, 5 წელი ორთაჭალის ციხეში ვიყავი. ისეთი საშინელებები გამომატარეს, რომ ვიხსენებ, ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ალბათ მესიზმრება, ალბათ, ჩემს თავს არ ხდებოდა ეს. მიმქონდა მტკიცებულებები, რომ ჩემი ოჯახი მართალი იყო, არანაირი დანაშაული არ ჰქონდა და ხელს ვუშლიდი თურმე გამოძიებას და ეს გახდა საფუძველი ჩემი დაჭერის", - აცხადებს ნანა ქადაგიშვილი.