11 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება  კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკის მდგრადობას

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  სსფ-ს ანგარიშის თანახმად ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

"ფონდის მოლოდინია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას", -  განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკური მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე,  რომლებიც ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ფისკალურ და საგარეო ბუფერებს და  მდგრად ფინანსურ სექტორს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და  იმ რეფორმების გაგრძელებაა, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მოელის, რომ 2026 წელს, ისევე როგორც შემდგომ წლებში, ეკონომიკური ზრდის ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება.

"რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

დღის ამბები