საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა.
2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგენდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
"აღნიშნული გამოწვეული არის იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს. ასევე, უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლებისა განმავლობაში გვაქვს სახეზე. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა.
ჩვენ ვიცით, რომ პირველ ოთხ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და, ზოგადად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზრდის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანი არის, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ," - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.