საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს შორის დაწყებულ თანამშრომლობას ეხმაურება და პროცესში ცოტნე ივანიშვილის პირად დამსახურებაზე საუბრობს.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, პატარა სახელმწიფოსთვის განათლების სფეროში მსგავსი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი განათლებული, მძლავრი და პატრიოტულად მოაზროვნე ახალი თაობაა.
"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის წარმატება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იგი წინ გაიჭრა და მსოფლიოს მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მუდმივად იკავებს პირველ ათეულში ადგილს. მისასალმებელია პირადად ცოტნეს დამსახურება ამ ურთიერთობების განვითარებაში. ეს მის მაღალ ინტელექტზეც მეტყველებს, ეს ერთი, და მეორე, იმ ტრადიციის გაგრძელების, კარგ ინიციატივებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა შექმნა, ჩამოაყალიბა საქართველოში - ემსახურე შენ ქვეყანას უანგაროდ და თუკი რაიმე რესურსი ვინმეს გააჩნია, ცოტნე ივანიშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია, უნდა მოახმაროს საკუთარ ქვეყანას. პატარა სახელმწიფოსათვის ასეთი თანამშრომლობა განათლების სფეროში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი და რესურსი არის, რასაკვირველია, ახალი თაობა - განათლებული, მძლავრი, თავის პოზიციაში ჩამოყალიბებული და პატრიოტულად მოაზროვნე," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000 დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.