საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო ვილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
კანონპროექტი სახდეპს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს. ამ თემაზე აქტიურად გაკეთდა პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციები - ითქვა, რომ დასავლეთის კრიტიკა საქართველო-ჩინეთთან თანამშრომლობის საკითხზე "ორმაგი სტანდარტია." თავად აშშ და ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობენ პეკინთან.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რეალურად რას უკავშირდება დასავლელი პარტნიორების შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ? - კირცხალია პასუხობს, რომ ჯო ვილსონი კომიკურ-ოდიოზური პიროვნებაა და მის შეფასებას არ აპირებს. მისივე თქმით, ქვეყანაში მყოფი აგენტურა საქართველოს ცრუ დასმენითაა დაკავებული.
"ისინი არიან მიჩვეული, რომ შენ ვერ ილაპარაკებ ჩინეთთან, შენ სანქცია უნდა დაუწესო რუსეთს და აშიმშილო შენი ქვეყანა, შენ ომში უნდა ჩაერთო, თორემ ჩვენ ჩინეთთანაც უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და რუსეთთანაც უნდა ვივაჭროთ. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ეს პოლიტიკა... ჯო ვილსონმა ვის რა დაავალა... კიდევ ერთხელ ვამბობ, მისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს. ქართული აგენტურა, რომელიც დარბის სხვა ქვეყანაში და ცრუ დასმენით არის თავისი ქვეყნის მიმართ დაკავებული და მისი მასპინძელი რომელ აბსურდს მოხლართავს თავის ჭკუაში, გადახდილი თანხის ზომიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ამაზე სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასაცემი," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.