ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც თურქულ კლუბს შეუძლია ჩაატაროს სხვა ქვეყანაში მატჩი სავსე ტრიბუნებით, და ასეთი თხოვნა წამოვიდა თურქებისგან, რაც ჩვენ გავითვალისწინეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თურქი გულშემატკივრის უმრავლესობა ძალიან ღირსეულად შეხვდა შეთავაზებას, ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად, მაგრამ იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარიც კი არ ჰქვია.
"მათი მხრიდან იყო თხოვნა, და ეს თხოვნა ჩვენ გავითვალისწინეთ. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც თურქულ კლუბს შეუძლია ჩაატაროს სხვა ქვეყანაში მატჩი სავსე ტრიბუნებით, და ასეთი თხოვნა წამოვიდა თურქებისგან, რაც ჩვენ გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციების რისკები არსებობდა, არიან სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები, კლუბების გულშემატკივრები მათ შორის, რომლებიც გამოირჩევიან შედარებით აგრესიული ქცევით, მაგალითად ცნობილია ინგლისელი გულშემატკივარი, თურქეთშიც საკმაოდ აგრესიულია გულშემატკივარი. ეს რისკები იყო გათვალისწინებული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მათ ჰქონდათ ასეთი ინტერესი და მხოლოდ საქართველოს შეეძლო შეეთავაზებინა მათთვის ამის შესაძლებლობა, ჩვენ დავთანხმდით მათ თხოვნას და მივეცით თანხმობა მატჩის ჩატარებაზე.
რაც შეეხება მათ ქმედებას, თურქი გულშემატკივრის უმრავლესობა ძალიან ღირსეულად შეხვდა ჩვენს შეთავაზებას, ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად, მაგრამ იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც ვერ დავარქმევ გულშემატკივარსაც კი. ჯერ ერთი, თამაშის წინ რომ თვრები, რა გულშემატკივარი ხარ, როცა არ შეგიძლია ღირსეულად თამაშსაც კი უყურო. ამის გარდა იყო სხვა ტიპის პროვოკაციებიც. ერთი, რომ პოლიციელებს უპირისპირდებოდნენ, ქართველ პოლიციელებს და მეორე - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, აქაც მოუწია ქართულ პოლიციას ჩარევა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. გარდა ამისა, იყო სრულიად შეურაცხმყოფელი ბანერები და აქაც მინდა პოლიციას გადავუხადო მადლობა, რომელმაც საზღვარზევე აღკვეთა ამ ბანერის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას არავითარი არც ახსნა არ აქვს, არც გამართლება არ აქვს, თუმცა ხდება ასეთი რაღაცები. ჩვენც გვყავს საქართველოში ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან არასწორი ქცევით, და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები შემოვიდნენ თურქეთიდანაც. ეს იყო გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არავითარი კავშირი არც ერთ თურქულ ზარს არ ჰქონია ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულთა გამოშვებასთან.
"კიდევ ერთხელ უნდა გამიჯნოთ: იყო გულშემატკივრების უმრავლესობა, რომელიც იქცეოდა აბსოლუტურად ღირსეულად, როგორც შეეფერება სტუმარს, რომელიც ჩამოდის იმ ქვეყანაში, რომელიც ასეთ რამეს სთავაზობს მას, მაგრამ იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელიც ასე მოიქცა, მათ შორის ძალიან უხეშად დაუპირისპირდა ჩვენს პოლიციელებს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო. აქაც პოლიტიკაზე რომ გადავიდეთ, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, ადამიანები, რომლებიც არა მარტო ამართლებდნენ, არამედ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ პოლიციელების მიმართ კიდევ უფრო ბევრად უხეშ მოპყრობას, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ ბათუმის ქუჩებში თურქი გულშემატკივრების მხრიდან, ეს ადამიანები ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ, რაც არის ორმაგი სტანდარტი და აბსოლუტურად მიუღებელი.
ჩვენს დამოკიდებულებას რაც შეეხება: ყველგან ვაჩვენეთ აქაც ჩვენი ღირსება. პოლიცია, თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსებით, ღირსეულად და საბოლოო ჯამში, როგორც მოქმედებდა პოლიცია, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და ისევ და ისევ, საბოლოო ჯამში იყო დაცული საზოგადოებრივი წესრიგი უმაღლეს დონეზე. პოლიცია აქაც მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის სრული დაცვით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიიღო სარგებელიც. ჩვენი მიზანი არ იყო მაინცდამაინც ეკონომიკური სარგებლის მიღება, თუმცა ეს სარგებელიც დარჩა ბუნებრივია, რამდენიმე მილიონი დარჩა ტურიზმიდან, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ამ მატჩის ჩატარების საფუძველზე, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის მთავარი. ჩვენ საბოლოო ჯამში შევთავაზეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინადადება, თხოვნაზე გავეცით სათანადო პასუხი ჩვენს მეგობარ ქვეყანას, პარტნიორ ქვეყანას. კიდევ ერთხელ, გულშემატკივრების ნაწილი, რამდენიმე ასეული მათგანი გამოირჩეოდა სამწუხაროდ უღირსი საქციელით და იქაც პოლიციამ ბოლომდე უზრუნველყო წესრიგის დაცვა.
კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ბანერებს, საზღვარზევე აღკვეთა ასეთი ბანერების შემოტანა პოლიციამ და ამისთვისაც ეკუთვნით მათ მადლობა, ისევე როგორც ზოგადად სწორი ქმედებისთვის, რითაც გამოირჩეოდნენ ბათუმში და არა მარტო ბათუმში. პოლიციამ აჩვენა ღირსება და ამისათვის ჩვენ პოლიციას გადავუხადეთ სათანადოდ მადლობა.
რაც შეეხება დაპატიმრებულების გამოშვებას, მე მართლა არ მინახავს საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, თუმცა სრული სიცხადით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი არც ერთ თურქულ ზარს არ ჰქონია ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულთა გამოშვებასთან. მე პირადად მქონდა კონსულტაციები შინაგან საქმეთა მინისტრთან და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი ზარის გარეშე, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულთა გამოშვების თაობაზე. არავითარ ზარს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ ჰქონია კავშირი ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულთა გამოშვებასთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.