10 ივნისი 2026,   23:13
ვრცლად
ვერშემდგარი გაერთიანება - ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელმაც 3-თვიანი არსებობის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ერთმანეთის ლანძღვაში გაატარეს, პოლიტიკურ განქორწინებას ხელი საბოლოოდ მოაწერეს

დღეს ვიდეო ჩაწერა, მანამდე კი დაწერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი "ნაციონალების" ოჯახიდან საბოლოოდ გაგდებულია - 3-თვიანი ოპოზიციური პროექტი, რომელმაც 2 კვირაც ვერ იმუშავა, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საბოლოოდ ფოტოშოპისთვის ფულის დაზოგვით დასრულდა. ყეყეჩს, არარაობასა და მაოხრებელ გზირს, როგორც თავად "ფედერალისტების" ლიდერი უწოდებს, მიხეილ სააკაშვილსა და მის დამცველებს, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პარტიები ამჯერად უკვე ჩარეცხვით ემუქრებიან.

გარეთ გაუშვეს, თუმცა მაინც სჯერათ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან... "ნაციონალური მოძრაობა," არც ბარგს ალაგებს და არც უკან იხევს - ოპოზიციური გაერთიანების დაშლაზე კი პასუხისმგებლობას ეგოებითა და ამბიციებით შეპყრობილ ოპოზიციას აკისრებს, მათ შორის ჩერგოლეიშვილს, რომელსაც ერთპიროვნულ მმართველად მოიაზრებენ.

ჩემპიონები არიან ერთმანეთისთვის მძიმე ბრალდებების წაყენებაშიც. გაყრა გაფორმდა, თუმცა ერთი ყოფილის შეურაცხმყოფელი ეპითეტები მეორემ ჩაანაცვლა. ნიკა გვარამიამ მისთვის შერჩეული სხვადასხვა სახელის გამო წყენა ვერც ღია ეთერში დამალა და სააკაშვილის დამცველები ბირჟაზე მსხდომ "სემიჩკის მჭამელებად" მოიხსენია, რომლებმაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისგან ჯერ მსხვერპლი გამოძერწეს, ახლა კი სისუსტის დემონსტრირებას ახდენენ.

სააკაშვილის გამოძერწილი პოლიტიკოსებისთვის, ერთ დროს მათივე იდეოლოგი გვარამია, უკვე მათ მლანძღველად და მაგინებლად იქცა. "ნაციონალური მოძრაობა" მის ყოფილ პროკურორს - ჩერგოლეიშვილთან ერთად - "ანტი მიშა" ალიანსის, "ანტი მიშა" კამპანიის ერთ-ერთ სულისჩამდგმელად მიიჩნევს.

"ნაციონალურ მოძრაობას," ოპოზიციაში დისონანსის შეტანაზე პასუხისმგებლობას აკისრებს "ევროპული საქართველო." ყოფილი "ნაციონალები" ამბობენ, რომ სწორედ სააკაშვილის პარტია იყო პირველი, ვინც საკუთარი ინტერესი წესებს მიღმა დააყენა და ოპოზიციას თავად გამოეთიშა.

პოლიტიკური ცირკი და ჩრდილოვანი მმართველობის მინი მაგალითი - ასე ხედავს სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის ქორწინება-განქორწინებას, რომელიც მათთვის უკვე კომედიადაც იქცა. მმართველი ძალის თქმით, ევროპელი ბიუროკრატებისა თუ ელჩების მიერ წახალისებულმა ნაციონალებმა პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურეს.

ვერშემდგარი გაერთიანების საბოლოოდ დაშლას მალე, სავარაუდოდ, ცალკეული პარტიების რღვევაც მოჰყვება. რიგშია ორი ნიკას პარტია. ძველების "ახლებში" გზების გაყოფა გვარამიამ არ გამორიცხა - თქვა, რომ, მელიას გათავისუფლების შემდეგ, მასთან ერთ პოლიტიკურ გუნდში შესაძლოა აღარ დარჩეს.

დღის ამბები