შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.
"სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნას ამოღებული ამ ტერიტორიიდან," - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.