სიონის ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწორედ 40 დღის შემდეგ, დაიწყება მსჯელობა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
კურიერის შეკითხვის საპასუხოდ სასულიერო პირები განმარტავენ, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, უნდა მიიღოს. სასულიერო პირები პატრიარქის ნებასა და 2017 წლის გადაწყვეტილებაზე, მიუთითებენ რომლის თანახმად, უწმინდესმა მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა იმისთვის, რომ დასრულებულიყო მსჯელობა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით.
"ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია მისი უწმინდესობის გარდაცვალება. სიონში არის შეუჩერებლად პანაშვიდები, მათ შორის, მოდის მრევლი, გამოხატავენ ძალიან დიდი გულისტკივილს, სამძიმარს ყველას მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება. მორიგეობენ სასულიერო პირები, მათ შორის, ყურადღება მიაქციონ, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი. მეუფე შიოს კურთხევით ხდება ეს ყველაფერი.
2017 წლის 23 ნოემბერს მისი უწმინდესობის მიერ, მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პატრიარქი შემთხვევით არაფერს აკეთებდა სიცოცხლეში. ამ ცხრა წლის მანძილზეც მეუფე შიომ, ძალია დიდი სიბრძნე გამოავლინა, მამაშვილური მორჩილება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამას ყველა აღნიშნავს ერთხმად. ისიც, რომ თუნდაც ეს სინოდი ჩაინიშნა მოწმობს იმაზე, თუ როგორ მონდომებით, როგორი რუდუნებით ცდილობს შიო რომ ისე ჩატარდეს როგორც ჩვენ ეკლესიას ეკადრება", - განაცხადა მამა შალვა ჯაჯანიძემ.