პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახოცვაში დაადანაშაულა. ზაქარეიშვილმა, რომელიც ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი იყო, ვრცლად ისაუბრა 34 წლის წინ აფხაზეთის ომში არსებულ ვითარებაზე. ინფორმაცია დეტალურად გამომძიებლებს დღეს გენერალურ პროკურატურაში მიაწოდა.
გიორგი ბარამიძის ოჩამჩირეში ჩასვლა გაიხსენა დღეს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ანზორ მარგიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბარამიძეს აფხაზეთის ომში არ უომია და მისი ბრალდებები ტყვეთა დახვრეტის შესახებ სრული სიცრუეა.
დღესვე, გამომძიებლებს აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს სარეაბილიტაციო ცენტრში უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა გია ყარყარაშვილმა. პროკურატურაში კი აფხაზეთის ომის სხვა ვეტერანებიც გამოიკითხნენ. ყველა მათგანმა თქვა, რომ გიორგი ბარამიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
ამაზრზენსა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ მავნებლობას უწოდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კობა კობალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ურჩევს, რომ გულწრფელი ბოდიში მოიხადოს.
ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. გუშინ დილით ამბობდა, რომ ბოდიშს არ მოიხდიდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში პოზიცია შეცვალა, თუმცა ბოდიშთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ მისი განცხადება ყველამ არასწორად გაიგო.
გამიზნულ მავნებლობას უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინტერვიუსა და ვიდეომიმართვას პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბარამიძის განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთის ომში დანაშაულის ჩადენას აბრალებს, კარგად ორგანიზებული და გარედან მიღებული დავალებაა.
მორალურად მიუღებელი და სამარცხვინოა ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო.