09 აგვისტო 2026,   14:56
ვრცლად
საქართველოს სუვერენული რეიტინგი და პერსპექტივა - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალი იქნება

კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორია, რის გამოც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურ ნიშნულზე გადაიყვანა. მიმდინარე სუვერენული რეიტინგი ე.წ. BB დონეზე შენარჩუნდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფინანსური ვალდებულებების შესრულების უნარს ინარჩუნებს. პოზიტიური პერსპექტივა კი საქართველოს ეკონომიკას A კატეგორიისკენ უხსნის გზას. ამ კატეგორიაში ის ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი მინიმალურია.

რეიტინგი უცვლელი, პერსპექტივა გაუმჯობესებული. საერთაშორისო სააგენტო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კიდევ უფრო დადებითად აფასებს და მომავალში რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას ხედავს. ანგარიშში ამის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ძლიერი შიდა მოთხოვნა და წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკაა დასახელებული. მოლოდინია, რომ ქვეყანა მომავალშიც შეინარჩუნებს ფისკალურ დისციპლინას, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი ზომიერ დონეზე დარჩება.

S&P-ის შეფასებაში ცალკე ადგილი უკავია ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც. სააგენტო დადებითად აფასებს საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

საერთაშორისო შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზია. სააგენტოს გათვლებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზრდება, მომდევნო წელს კი ზრდა 5.9 პროცენტს შეადგენს. ეს პროგნოზი სრულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის მოლოდინებს.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც საერთაშორისო აღიარება, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების შეფასება. როდის გადაინაცვლებს საქართველო კიდევ უფრო ნაკლები რისკის მქონე ეკონომიკების კატეგორიაში, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ქვეყანა მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებას და სტაბილურობის დაცვას.

დღის ამბები