ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. "კურიერს" სუს-ში განუმარტეს, რომ ნანუაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ უწყებაში მივიდოდა, მოგვიანებით დაუკავშირდა გამომძიებელს და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა.
ნანუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა უმრავლესობაში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნანუაშვილმა კითხვებზე პასუხი გასცეს და თუ გამოიკვეთა, რომ იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ცრუ დასკვნის მომზადებას, მას უკვე სხვა ტიპის პასუხისგებაც მოუწევს.
"ძალიან მნიშვნელოვანია და მან კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. თუ გამოიკვეთა ის, რომ იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა რაღაც ცრუ დასკვნის მომზადებას, მას უკვე სხვა ტიპის პასუხისგებაც მოუწევს. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და მე მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შეიძლება მივცე. თუმცა, ყველამ უნდა შეიგნოს, რადიკალებზე მაქვს საუბარი, რომ არავის არ ეპატიება ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობის წარმოება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გამოკითხვა "ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე მოხდება. გუშინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მას ეუთოს დოკუმენტთან დაკავშირებით სწორედ უჩა ნანუაშვილი ეკონტაქტებოდა.