07 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკების იდეა, ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი გახდა - "ლელოს" ურთიერთდაპირისპირების გადალახვა და დიალოგის დაწყება სურს

ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკების იდეა, ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრების რეაქციამ "ლელო" ოპოზიციის ოპოზიციაში გადაიყვანა. ერთი მაგიდის გარშემო დასხდომისა და დიალოგის დაწყების სურვილის გამო, ხაზარაძე-ჯაფარიძე "მაშველი რგოლის" ფუნქციის შესრულებაში დაადანაშაულეს. ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება საზოგადოების ღალატია. დიალოგი კი ერთადერთ საკითხზე, მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე უნდა დაიწყოს.

"ლელო" პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" ვეღარ არის, გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, ხაზარაძე-ჯაფარიძეს გუნდს დანარჩენ ოპოზიციასთან საკუთარი პოზიციის დაცვა კიდევ ერთხელ მოუწევს.

"ლელოს", ურთიერთდაპირისპირების გადალახვა და ხელისუფლებასთან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება სურს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიამ პასუხი მთავარი ადრესატებისგანაც მიიღო. იმ ძალებთან, რომლებსაც კონსტიტუციასთან და სისხლის სამართლის კოდექსთან პრობლემები აქვთ სასაუბროც არაფერია - ასეთია "ქართული ოცნების" ლიდერების პასუხი

"ქართული ოცნების" უარმა "ლელოს" მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ხაზარაძე-ჯაფარიძის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ პარტიებში უკმაყოფილებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ზურა ჯაფარიძემ "ლელოს" სიტუაციის გააზრების უნარი დაუწუნა, საქმეში ციხიდან ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ტაქტიკის შეცვლა მოსთხოვა.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციაში არსებული ვითარება კიდევ ერთი დემონსტრაციაა, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი პოლიტიკურ ილუზიაში ცხოვრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი უშედეგო იქნება და როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლების ძალაუფლების გადაბარებაზე საუბრობს მინიმუმ არასერიოზულად გამოიყურება.

მოლაპარაკების მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც სახელისუფლებო პარტია შეახსენებს, რომ ნებისმიერ დიალოგს აქვს წინაპირობა და ეს პირველ რიგში, დემოკრატიის პრინციპებს აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს.

დღის ამბები