18 ივნისი 2026,   16:55
ვრცლად
"არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული მოვლენები სისტემას შეარყევს, უზენაესი ლიდერის გარდაცვალების შემდეგაც ყველამ ნახა, რომ წესრიგი არ დარღვეულა" - ირანის საგარეო უწყება

ისრაელის საჰაერო იერიშის სამიზნე ლიბანი გახდა - ქალაქ სიდონზე მომხდარი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო მედიის ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობებიც.

ღამით განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ასევე, დასავლეთ სანაპიროზე. ხელისუფლების ცნობით, ცენტრალური ისრაელში, საბრძოლო მასალები ჩამოვარდა, შედეგად კი ორი ადამიანი დაშავდა.

ბაღდადში ამერიკის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. გაფრთხილებას წინ უძღოდა, ბაღდადის "მწვანე ზონაში" მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა.

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ბაჰრეინში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას გადასვლა ურჩია. მანამდე კი ქუვეითის მთავრობამ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა დააანონსა. საერთაშორისო მედიასთან კომენტარი გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და უარყო ირანის ახალი ლიდერის დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

"გუშინ ამბობდნენ, რომ ირანის ყველა ოფიციალური პირი ბუნკერებში იმყოფებოდა, თუმცა მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენი პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ქუჩაში. ასეთი ბრალდება ბევრია. ვფიქრობ, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ახალ უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. გზავნილში მან აღნიშნა, რომ ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს კონსტიტუციის შესაბამისად. ვფიქრობ, უკვე ნათელი უნდა იყოს ყველასთვის ჩვენი სისტემა საზოგადოებაში ღრმად არის ფესვგადგმული. ისლამური რესპუბლიკა არ არის დამოკიდებული ცალკეულ პირებზე ან ჯგუფებზე, ეს არის მყარი პოლიტიკური სტრუქტურა. ყველა ინსტიტუტი გამართულად ფუნქციონირებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული მოვლენები სისტემას შეარყევს. უზენაესი ლიდერის გარდაცვალების შემდეგაც ყველამ ნახა, რომ წესრიგი არ დარღვეულა და ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება," - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები