18 ივნისი 2026,   22:06
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარედ  პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.                                                                                                

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს 2027 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 313 570 ლარით მცირდება.

ამავე სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს მოუსმინეს.

მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი  საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს.107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა.       

მინისტრის განცხადებით, აჭარაში, უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით, წელსაც გრძელდება რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. 2026 წლის პირველ კვარტალში, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2% -ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსავლების გეგმას, რომელიც 185 236 400 ლარით იყო განსაზღვრული,  109,5 %-თაა შესრულებული. ედნარ ნატარიძის განცხადებით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 97,9 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის და ამ ნაწილში გეგმის შესრულების მაჩვენებელი 109,1% -ია.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ცალკეული უწყებებისა და მხარჯავი დაწესებულებების ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

სხდომის ბოლოს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა.

დღის ამბები