09 აგვისტო 2026,   04:01
ვრცლად
"რკინის გუმბათი" - როგორ მუშაობს ისრაელის უხილავი ძალა ხილული მტრის წინააღმდეგ

ის, რაც ისრაელს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისგან გამოარჩევს, მხოლოდ ძლიერი არმია არ არის. ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ცაშია - უხილავი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მტრის რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებს. მას "რკინის გუმბათი" ჰქვია.

ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ქვეყნის თავზე ერთგვარ უხილავ ფარს ქმნის. მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის დაცვაა, მტრის მიერ გაშვებული რაკეტებისგან, ჭურვებისგან და სხვა საფრთხეებისგან, რომლებიც ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შესაძლოა დაემუქროს.

სწორედ ამ სისტემის გამო ისრაელი ხშირად სახელდება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სახელმწიფოდ. ადგილობრივები კი მას ზოგჯერ მეტაფორულად "ცის ღმერთსაც" უწოდებენ - ძალას, რომელიც ზეციდან იცავს ქვეყანას.

 Open photo

როგორ მუშაობს რკინის გუმბათი?

რკინის გუმბათის ეფექტიანობის მთავარი საიდუმლო მისი ტექნოლოგიური სიზუსტეა. სისტემის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რადარებია, რომელიც მტრის მიერ გაშვებულ რაკეტებს მყისიერად აფიქსირებს. როგორც კი რაკეტა ცაში გამოჩნდება, სისტემა რამდენიმე წამში ადგენს მის ტრაექტორიას - ანუ მიმართულებას და სავარაუდო დაცემის ადგილს.

თუ დადგინდა, რომ რაკეტის ჩამოვარდნა დასახლებულ ტერიტორიას ემუქრება, სისტემა დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას: გაიშვება სპეციალური ანტირაკეტა, რომელიც მიზანს ჰაერშივე ანადგურებს. მთელი პროცესი, აღმოჩენიდან განადგურებამდე, ხშირად რამდენიმე წამში სრულდება.

 

 


რკინის გუმბათი ერთიანი სისტემა არ არის - ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება,  პირველი ეს არის რადარი, როემლიც მტრის რაკეტას აფიქსირებს და მისი მოძრაობის მონაცემებს აგროვებს. შემდეგ ინფორმაციას იღებს მართვის ცენტრი, რომელიც კომპიუტერული ალგორითმებით ითვლის რაკეტის სავარაუდო დაცემის ადგილს. თუ რაკეტა საფრთხეს წარმოადგენს, სისტემა აგზავნის ბრძანებას გამშვებ დანადგარზე, საიდანაც ანტირაკეტა გაიშვება და მტრის რაკეტას ჰაერშივე გაანადგურებს.


რკინის გუმბათის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისება მისი ანალიზის უნარია.სისტემა არ რეაგირებს ყველა რაკეტაზე.  თუ რადარი დაადგენს, რომ მტრის მიერ გაშვებული რაკეტა უდაბურ ტერიტორიაზე ან ღია სივრცეში დაეცემა და ადამიანებს საფრთხეს არ უქმნის, სისტემა მას უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. ამით ხდება ორი მნიშვნელოვანი რესურსის დაზოგვა: ანტირაკეტების და საბრძოლო შესაძლებლობების

რა ღირს ცის ფარი?

რკინის გუმბათი მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა არ არის, ის ასევე ძვირადღირებული თავდაცვითი სისტემაა. ერთი გამშვები დანადგარის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს აღწევს. ისრაელს დაახლოებით 10 ასეთი გამშვები სისტემა აქვს. თითოეულ გამშვებს შეუძლია ერთდროულად 20 ანტირაკეტის გაშვება.
როდესაც ყველა რაკეტა გამოიყენება, დანადგარი უნდა გადაიტენოს, ამ დროს კი მის დაცვას სხვა გამშვები უზრუნველყოფს. ერთ სისტემას შეუძლია დაახლოებით 150 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის დაცვა.

სისტემის სისუსტე

მიუხედავად ეფექტიანობისა, რკინის გუმბათი არ არის ყოვლისშემძლე. მისი მთავარი სისუსტე მასშტაბურ თავდასხმებში ვლინდება. თუ მტერი ერთდროულად ძალიან დიდი რაოდენობის რაკეტას გაუშვებს, სისტემა შეიძლება გადაიტვირთოს. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ რამდენიმე რაკეტამ თავდაცვითი ფარი გაარღვიოს. ამიტომ ისრაელი მუდმივად მუშაობს სისტემის გაუმჯობესებაზე და მრავალშრიანი თავდაცვის განვითარებაზე.

როგორ შეიქმნა რკინის გუმბათი

რკინის გუმბათის შექმნის გადაწყვეტილება ისრაელმა 2006 წელს მიიღო. იმ პერიოდში ქვეყანას მძიმე სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა “ჰეზბოლასთან”.ამ გამოცდილებამ ცხადი გახადა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა სწრაფი და ეფექტიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემა. პროექტი შექმნა ისრაელის თავდაცვითმა კომპანიამ “Rafael Advanced Defense Systems”. სისტემა პირველად 2011 წელს ამოქმედდა. მისი განვითარება ნაწილობრივ აშშ-მაც დააფინანსა - დაახლოებით 500 მილიონი დოლარით.


რკინის გუმბათი ისრაელის საჰაერო თავდაცვის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ქვეყნის სამხედრო არსენალში არის კიდევ რამდენიმე სისტემა, რომლებიც ერთმანეთთან ერთად მუშაობენ. დავითის შურდული (David’s Sling) ეს სისტემა მოქმედებს რკინის გუმბათზე ბევრად უფრო დიდ მანძილზე. მისი მთავარი მიზანია შორ მანძილზე გაშვებული ბალისტიკური რაკეტების განადგურება. სისტემა საფრთხეს დაახლოებით 300 კილომეტრის რადიუსში აფიქსირებს. ისრაელის თავდაცვის სისტემაში ასევე შედის Arrow-2 და Arrow-3 ტიპის ანტისარაკეტო სისტემები. 

 

ისრაელის უსაფრთხოების სისტემა სწორედ ამ მრავალშრიანი თავდაცვის პრინციპზეა აგებული. რკინის გუმბათი, დავითის შურდული და Arrow-ის სისტემები ერთად ქმნიან საჰაერო ფარს, რომელიც ქვეყნის ცას თითქმის მუდმივად აკონტროლებს. ტექნოლოგიის, სამხედრო სტრატეგიისა და სწრაფი რეაგირების კომბინაცია ისრაელს საშუალებას აძლევს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში არსებობის მიუხედავად მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცვას.

 

დღის ამბები