მთვარე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია - ციური სხეული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების ინტერესის ცენტრში იყო. მიუხედავად სიახლოვისა, აპოლოს პროგრამის დასრულების შემდეგ, მთვარე ათწლეულების განმავლობაში, კოსმოსური კვლევების მთავარ მიმართულებას აღარ წარმოადგენდა. თუმცა გლობალური ტექნოლოგიური და სტრატეგიული გარემოს ცვლილებამ ეს დამოკიდებულება შეცვალა. სწორედ ამ პირობებში მიიღო NASA-მ გადაწყვეტილება, დაეწყო ახალი პროექტი, რომელიც მთვარეზე დაბრუნებას უკვე სხვა მიზნებით და ახალი ხედვით უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ NASA-მ და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, მთვარის ზედაპირზე ბირთვული გახლეჩის რეაქტორის განთავსებას გეგმავენ. მისი მიზანია, მთვარის მისიები წლების განმავლობაში უწყვეტი ენერგიით მომარაგდეს - რათა დედამიწიდან საწვავის მუდმივი გადაზიდვა საჭირო აღარ იყოს.
გეგმების რეალობად ქცევა 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა მეცნიერებს მანამდე ჯერ კიდევ მრავალი სერიოზული გამოწვევა ელით. უსაფრთხო ბირთვული რეაქტორის აგება დედამიწაზეც ურთულესი პროცესია, მთვარის პირობებში კი ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება. მთვარეზე გარემო სრულიად განსხვავებულია: ექსტრემალური პირობები დიდ პრობლემებს ქმნის გახლეჩის რეაქტორის დიზაინისთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნარჩენი სითბოს მართვაა. დედამიწაზე რეაქტორები წყლით ცივდება, თუმცა მთვარეზე მსგავსი მიდგომა პრაქტიკულად შეუძლებელია, დაბალი გრავიტაცია და თითქმის ვაკუუმური გარემო სითხეების ქცევას ცვლის, ხოლო ატმოსფეროს არარსებობა სითბოს ბუნებრივ გაფანტვას გამორიცხავს.
მთვარეზე ბირთვული გახლეჩის რეაქტორი, კოსმოსური კვლევებისთვის უდიდესი რესურსი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ის უფრო შორეულ მიზნად რჩება, ვიდრე უახლოეს მომავალში განხორციელებად პროექტად.
მიუხედავად ყველა ტექნიკური სირთულისა, ადამიანის მთვარეზე დაბრუნების სურვილი ახალი არ არის. სანამ მეცნიერები რეაქტორებსა და ენერგიის წყაროებზე მუშაობენ, ღირს გავიხსენოთ მომენტი, როდესაც ადამიანი პირველად შეხვდა ამ უცხო სამყაროს - მაშინ, როცა არც ბირთვულ ენერგიაზე ფიქრობდნენ და არც მუდმივ ბაზებზე, არამედ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ - დაედგათ ფეხი ადგილზე, რომელსაც აქამდე მხოლოდ ტელესკოპებით უყურებდნენ.
მას შემდეგ ზუსტად 57 წელი გავიდა. ეს არის ისტორია, რომელმაც კაცობრიობის ოცნება რეალობად აქცია - სწორედ ასე იხსენებენ 1969 წლის 20 ივლისს, როდესაც ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი მთვარეზე ჩავიდა. 16 ივლისს, 18:32-ზე, საფრენი აპარატი სახელწოდებით "იგელ" დედამიწიდან გაფრინდა. ხომალდს მართავდნენ ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი. "აპოლო 11"-ის ფრენა დედამიწიდან მთვარემდე დაახლოებით 76 საათი გაგრძელდა.
გაფრენიდან სამი დღის შემდეგ, 20 ივლისს, 21:17-ზე საფრენი აპარატი მთვარეზე დაეშვა და ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. მთელ მსოფლიოში ხალხი ტელევიზიით უყურებდა ისტორიულ მოვლენას - მაყურებელთა რაოდენობა 500 მილიონზე მეტი იყო.
რადიოში ისმოდა ნილ არმსტრონგის ცნობილი ფრაზა:
"ეს ერთი პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის".
ხომალდის გარეთ არმსტრონგმა და ოლდრინმა დაახლოებით ორსაათ-ნახევარი გაატარეს. ნეილ არმსტრონგმა მთვარეზე აშშ-ის დროშა აღმართა, რასაც კონსპირაციები მაშინვე მოჰყვა. დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის, რატომ ფრიალებს დროშა მთვარეზე, როცა იქ ქარი არ არის და რატომ არ ჩანან ვარსკვლავები ფოტოზე? მოგვიანებით გაირკვა, რომ დროშა სპეციალურად იყო დამზადებული იმ გარემოსთვის, სადაც ქარი არ იყო - მის შიგნით ჩამაგრებული იყო ჰორიზონტალური ლითონის მილი, რათა დროშა გამართული ყოფილიყო, იმ დროინდელი კამერები კი არ იძლეოდა საშუალებას, რომ ვარსკვლავები გამოჩენილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში უდაოა, რომ არცერთ სხვა კოსმოსურ მისიას არ მოუხდენია ამ დონის გადატრიალება.
ეს მხოლოდ მეცნიერული გარღვევა არ იყო - ეს იყო პოლიტიკური გამარჯვება ცივი ომის ფონზე. 1960-იან წლებში ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმოსშიც ეჯიბრებოდნენ. საბჭოთა კავშირი იყო პირველი, ვინც ადამიანის მიერ მართული კოსმოსური ფრენა განახორციელა, 1961 წელს იური გაგარინმა დედამიწის ორბიტას შემოუფრინა. ამაზე პასუხად ამერიკამ უფრო მასშტაბური მიზანი დაისახა - ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და უსაფრთხოდ დაბრუნება. სწორედ ასე დაიბადა პროექტი "აპოლო".
რამდენიმე წლის შემდეგ, 1972 წლის დეკემბერში, განხორციელდა "აპოლო 17" - ბოლო პილოტირებული მისია მთვარეზე. ეკიპაჟში იყვნენ იუჯინ სერნანი, ჰარისონ შმიტი და რონალდ ევანსი. სერნანი და შმიტი მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ, ხოლო ევანსი ორბიტაზე დარჩა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰარისონ შმიტი იყო პირველი პროფესიონალი გეოლოგი, რომელმაც მთვარეზე იმუშავა. ასტრონავტებმა მთვარეზე სამი გასვლა განახორციელეს და დაახლოებით 110 კილოგრამი ნიმუში შეაგროვეს. იუჯინ სერნანი იყო ბოლო ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. დედამიწაზე დაბრუნებამდე კი თქვა, რომ კაცობრიობა მთვარეზე აუცილებლად დაბრუნდებოდა.
დღეს NASA სწორედ ამ დაპირების რეალიზებას ცდილობს Artemis-ის პროგრამის საშუალებით. Artemis I წარმატებით დასრულდა, როგორც უპილოტო მისია, რომელმაც ახალი კოსმოსური ხომალდი Orion მთვარის ორბიტაზე გაუშვა. მომდევნო ეტაპები, Artemis II და Artemis III, ითვალისწინებს ადამიანების გადაყვანას მთვარის გარშემო და საბოლოოდ, ზედაპირზე, სადაც ასტრონავტები წლების შემდეგ კვლავ დადგამენ ფეხს.
იანვრის შუა რიცხვებში NASA-მ მისია Artemis II-ის რაკეტა ფლორიდაში, სასტარტო მოედანზე გადაიტანა. თუმცა მთვარეზე პილოტირებული მისიის, Artemis II-ის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო მარტამდე გადაიდო.
წყარო: https://www.nasa.gov
ავტორი: სანდრო კაჭახიძე