ბოლო წლებში არაერთმა ქვეყანამ დაიწყო დისკუსია იმაზე, რამდენად უსაფრთხოა არასრულწლოვანებისთვის ციფრულ პლატფორმებზე თავისუფალი წვდომა და სად გადის ზღვარი უწყინარ გართობასა და ბავშვების დაცვას შორის. საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადებაც სწორედ ამისკენ არის მიმართული. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს, სოციალური მედიის რეგულირებით ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება უზრუნველყოს.
საფრანგეთი შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს ევროკავშირში, რომელიც მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას შეზღუდავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუარესებამ, ონლაინ ბულინგის შემთხვევებმა და საფრთხის შემცველი კონტენტის ხელმისაწვდომობამ ხელისუფლებები აიძულა, არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის ხელმისაწვდომობის უფრო მკაცრ რეგულაციაზე დაფიქრდნენ.
დისკუსიას უკვე შეუერთდა ესპანეთი, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას. მისი თქმით, ბავშვები აღმოჩნდნენ სივრცეში, რომელიც სავსეა დამოკიდებულებით, ძალადობით, მანიპულაციითა და მავნე კონტენტით.
ავსტრალიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება უკვე აიკრძალა, ხოლო პლატფორმებს დაეკისრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მომხმარებელთა ასაკის ეფექტიანი და რეალური კონტროლი. აკრძალვა მოიცავს ისეთ სოციალურ პლატფორმებს, როგორებიცაა ფეისბუქი, "იუთუბი", "ინსტაგრამი", "ტიკტოკი". კანონის ძალაში შესვლიდან, ავსტრალიაში მილიონობით არასრულლოვნის სოციალური ანგარიში გაუქმდა.
გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა. ავსტრალიის ჯანდაცვისა და განათლების უწყებების მონაცემებით, ბოლო წლებში არასრულწლოვანებში გაიზარდა დეპრესიის, შფოთვისა და თვითდაზიანების შემთხვევები. მათივე შეფასებით, ამ ტენდენციასთან პირდაპირ კავშირში აქვს სოციალური მედიის ინტენსიურ და უკონტროლო გამოყენებას.
კვლევების მიხედვით, 10-დან 15 წლამდე ავსტრალიაში მოზარდების 96% სოციალური ქსელების მომხმარებელია. ისინი მუდმივად აწყდებიან იდეალიზებულ სხეულებს, ცხოვრების სტილსა და წარმატების მოდელებს, რაც მოზარდობის ასაკში თვითშეფასებას აქვეითებს. სოციალური მედია ხშირად ხდება ონლაინ ბულინგის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მავნე კონტენტის გავრცელების მთავარი სივრცე.
ავსტრალიის მთავრობამ პასუხისმგებლობა ნაწილობრივ თავად პლატფორმებზე გადაიტანა. ახალი წესების დარღვევა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.
ავსტრალიის მაგალითი უკვე სხვა ქვეყნებისთვისაც გზამკვლევი გახდა. მათ შორის არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ესპანეთიც, სადაც სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას 15 წლამდე ბავშვებისთვის განიხილავენ.
ამ დისკუსიას უკვე შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ლონდონში ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სოციალური მედიის პირდაპირ აკრძალვაზე, თუმცა ხელისუფლება ოფიციალურად განიხილავს ავსტრალიის მსგავსი მიდგომის შესაძლებლობას.
ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ბავშვების მიერ სოციალური მედიის ინტენსიური გამოყენება უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ძილის დარღვევასა და ონლაინ ბულინგის შემთხვევების ზრდას.
აშშ-ში დაიწყო უპრეცედენტო სასამართლო პროცესი გიგანტი სოციალური ქსელების წინააღმდეგ. 19 წლის კალიფორნიელი ქალი, Meta-ს, TikTok-სა და YouTube-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მათი აპლიკაციების დამოკიდებულების გამომწვევმა დიზაინმა სუიციდური აზრები გამოიწვია.
მოსარჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე პასუხისმგებლობას 1996 წლის „კომუნიკაციების წესიერების შესახებ“ კანონის 230-ე მუხლით ირიდებდნენ. ის ფაქტი, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, აშშ-ის სამართლებრივი მიდგომის ცვლილებაზე მიუთითებს.
TikTok-მა და Snap-მა სარჩელი უკვე მორიგებით დაასრულეს. Meta ამტკიცებს, რომ სოციალური მედიისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის. სასამართლო დავებში დამარცხებამ შესაძლოა სოციალური მედიის კომპანიებისთვის ეგზისტენციალური რისკები შექმნას, თუმცა მოსარჩელეებისთვის რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ზიანი პირდაპირ სოციალური ქსელების შინაარსსა და ალგორითმებს უკავშირდება.
ეს მაგალითები მიუთითებს გლობალური ტენდენციის ფორმირებაზე, სადაც სახელმწიფოები ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებას პრიორიტეტად აქცევენ და პასუხისმგებლობას ტექნოლოგიურ კომპანიებსაც აკისრებენ.
თუმცა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი ზომები პრაქტიკაში და გახდება თუ არა სოციალური მედიის მკაცრი რეგულაცია ბავშვების დაცვის ახალი საერთაშორისო სტანდარტი.
ავტორი: სანდრო სანაია