19 ივნისი 2026,   02:39
ვრცლად
ფინანსური მაქინაციები, საეჭვო კავშირები, არალეგალური დახმარება - კორუფციული სკანდალი ჰელსინკის კომისიაში

ფინანსური მაქინაციები, საეჭვო კავშირები, არალეგალური დახმარება - ეს იმ სამართალდარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაშიც ჰელსინკის კომისიას ამხელენ. "კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ" - ამ სკანდალური სათაურით საგამოძიებო მასალას ამერიკელი ჟურნალისტი, მაიკლ შელენბერგერი აქვეყნებს. ბრალდებების ეპიცენტრშია როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს. უიკერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების ყველაზე რადიკალური მომხრე და ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკის მოწინააღმდეგეა - წერია სტატიაში, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსან სტივ შრეიჯზე დაყრდნობით მომზადდა. ის ჰელსინკის კომისიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა და ხელმძღვანელობდა შიდა გამოძიებას. სწორედ ამ გამოძიების შედეგად დადგინდა ფაქტები მართლმსაჯულების ხელის შეშლასა და ფინანსურ მაქინაციებზე, მათ შორის ფარას გვერდის ავლით. შრეიჯი ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ დაბლოკა ევროპიდან ჯარების გადაყვანის გადაწყვეტილება, ასევე თანამდებობებზე იმ ოფიციალური პირების დანიშვნა, რომლებიც ტრამპის ინიციატივებს ხელმძღვანელობდნენ. უკრაინისთვის კი გამოყო ფინანსები, რაც ადმინისტრაციას არ მოუთხოვია.

სტატიაში წერია, რომ დარღვევებზე რეაგირება იუსტიციის დეპარტამენტს უნდა ჰქონოდა, თუმცა ამას ხელი ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსნებმა შეუშალეს. ნახსენებია ჯო უილსონის გვარიც, რომელიც ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

ჰელსინკის კომისია და მისი თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს ხელისუფლების გამორჩეული კრიტიკოსია. "ქართული ოცნება" მათი მხრიდან ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ უსაფუძვლო ბრალდებებზე აქამდეც მიუთითებდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამას ადასტურებს გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალაც. პრემიერ-მინისტრი მედიის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოს მაგალითზეც მკაფიოდ ჩანს, რა ძალებს ემსახურება დღეს ამერიკული კომისია.

ჰელსინკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს, ვისთვისაც საგამოძიებო მასალა ზოგჯერ უტყუარი ჭეშმარიტებაა, ამ შემთხვევაში კი ჟურნალისტის ერთი ნაშრომი. ოპოზიციისთვის კომისია ობიექტურია, რადგან ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ჰელსინკის კომისია გარე ძალების ინტერესებით მოქმედებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების დისკრედიტაციას და აშშ-სა და რუსეთის ფართო ომში ჩათრევას ცდილობენ. საგამოძიებო სტატიაში მოყვანილი ეს შეფასება "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ. მათი თქმით, ფაქტები მიუთითებს, რომ კონკრეტული აქტორები ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ამერიკის ადმინისტრაციის და მისი პოლიტიკის დაზიანებას ემსახურებიან.

ჰელსინკის კომისიის შესახებ საგამოძიებო მასალაში საუბარია იმაზეც, რომ კომისიის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ უკრაინელი სნაიპერების მომარაგებაში, რაც სცილდება მათ ოფიციალურ უფლებამოსილებას. შიდა გამოძიების ხელმძღვანელმა სტივენ შრეიჯმა, კონკრეტულ დარღვევებზე უფრო მეტი ახლა თქვა, რადგან კონგრესი დაფინანსების გაზრდას აპირებს, რაც კომისიას საშუალებას მისცემს 2026 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის ზედამხედველობის გარეშე იმოქმედოს. მან ტრამპის ადმინისტრაციას ეროვნული დაზვერვის, ფედერალური კონტრდაზვერვისა და FARA-ს ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენაც მოუწოდა.

დღის ამბები