ტურიზმი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც აბიტურიენტები სწავლის გაგრძელებას რეგიონულ უნივერსიტეტებშიც შეძლებენ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად დანერგილი სიახლეები რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომაზე განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ყველა სტუდენტისთვის სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა რომ 2026-27 სასწავლო წლისთვის რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყო. თანხები საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
რეგიონებში ახალგაზრდებისთვის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები - ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებმა სხდომაზე იმსჯელეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 11 რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
განათლების რეფორმის პირველი ეტაპით გათვლილი სიახლეები და სამომავლო გეგმები - კონფერენცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ განათლების მინისტრისგან მიეღოთ.
რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2021 წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა, საერთო საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე