მმართველი გუნდისთვის, ოფიციალური სტოკჰოლმის განცხადება უცხო ქვეყნის მიერ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მაგალითია.
რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ ეუთოს ფორმატში მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. ირაკლი კირცხალიას თქმით, შვედეთმა თავისუფლების პრიზი ქართველ დემონსტრანტებს გადასცა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის უხეში მცდელობაა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ უმჯობესია, შვედეთმა მის ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოს.
"როდესაც კონკრეტულ ქვეყანას აქვს საკუთარი გამოწვევები და ვერ ახერხებს ამ პრობლემებს შესაბამისად გაუმკლავდეს - ეკონომიკური რეცესია, დანაშაულის გაზრდილი რიცხვი, ქუჩაში სროლა და აფეთქებები, ორგანიზებული დანაშაული, სამხედროების გამოყენებაც კი დასჭირდათ, იცლიან, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გააკეთონ კომენტარები.
ეს არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეში. აქ იგრძნობა ის უხილავი ხელი, რომელიც მართავს სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატიას. ჩვენი ქვეყნის მიმართ რომ კეთილი ზრახვები არ აქვთ, დადასტურებულია 2022 წლის შემდეგ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.