ქართველი მოციგურავეების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ორ დღეში ოქროს ასოებით დაწერილი ორი გამარჯვება, ორჯერ აჟღერებული ეროვნული ჰიმნი და ამაყად აღმართული ქართული დროშა.
"პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა და ძალიან საამაყო იყო ის, რომ საქართველოს დროშა იყო პირველ საფეხურზე, მთელი სტადიონი უსმენდა საქართველოს ჰიმნს - ეს არის დაუვიწყარი ემოციები, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემს გულში" - ამბობს ნიკა ეგაძე.
ასე ბრწყინავს ყინულზე ბედნიერების წუთები, როცა სანუკვარ მიზანს მიაღწევ - ოცნება აგისრულდება და ევროპის საუკეთესო ფიგურული მოციგურავე გახდები. ყინულის მოედანზე მფრინავი ბიჭი პატარა ქვეყნიდან, რომელმაც დიდი სათქმელი თქვა და საქართველოს დროშა ასე, ყველაზე მაღლა ააფრიალა.
როცა 23 წლის ასაკში ქვეყნის სპორტულ ისტორიას დაწერ, საკუთარი გამარჯვება ალბათ დაუჯერებელ ამბად მოგეჩვენება და ჯერ კიდევ სიზმარში გეგონება თავი.
ნიკა ეგაძე იმ დღეს ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს სპორტულ ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. იმ წუთებში, როცა ყინულის მოედანზე საოცარ სანახაობას ქმნიდა, ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ურთულეს ილეთებს ტრავმირებული ფეხით ასრულებდა, არაერთი მოტეხილობის გამო, ფეხში ჩადგმული რკინის კონსტრუქციით. თუმცა, გამარჯვება მაინც შეძლო. ჩემპიონმა ეს წუთები "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუში გაიხსენა.
რეკორდული ქულები ჯერ კიდევ მოკლე პროგრამაში აიღო, როცა ყინულზე ორი ურთულესი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა. თავად შეარჩია მუსიკაც - ქართული და იმ მუსიკალური ჯგუფის შესრულებით, რომელიც ძალიან უყვარს. ნიკამ ვერც მოედანზე და ვერც მედიასთან ემოციები ვერ დამალა და ისიც თქვა, რომ შეჯიბრებამდე რამდენიმე საათით ადრე ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა.
როცა ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე ურთულეს ნახტომებს ასრულებდა, მისი მთავარი გულშემატკივარი შედეგებს სუნთქვაშეკრული თბილისში ელოდებოდა. დედამ შვილის გამოსვლას პირდაპირ ეთერში ვერ უყურა, კარგი ამბავი კი მოგვიანებით, მეორე შვილისგან შეიტყო. ემოციებიც შესაბამისი იყო.
დიდი ბრიტანეთში გამარჯვების ამბავმა და ამ სიხარულმა მთელი ქვეყანა გააერთიანა. მსოფლიო კი აალაპარაკა.
ყველაფერი წლების წინ, 5 წლის ბავშვისთვის ნაყიდი ციგურებით დაიწყო. ნიკა ეგაძის სპორტული თავგადასავალი დედის არჩევანმა და მონდომებამ განსაზღვრა. თუმცა, ოჯახში მალევე მიხვდნენ, რომ ბავშვური გატაცება დიდ სპორტულ ინტერესში გადაიზარდა.
სახლშიც, ბავშვური თამაშებიც კი ფიგურულ ციგურაობას უკავშირდებოდა. ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში წარმოსახვით მსოფლიო ჩემპიონატებს აწყობდა. ასე გახდა ყინულის მოედანი და ციგურები ნიკასთვის ყველაფერი.
თბილისში ყინულზე ფეხი ერთ პატარა საციგურაო მოედანზე აიდგა, იყო ისეთი დროც, როცა დარბაზში ყინულის გარეშეც ვარჯიშობდა, რადგან დედაქალაქში ყინულის მოედანი არ იყო. იძულებული გახდა საცხოვრებლად ბათუმში გადასულიყო - 13 წლის იყო, როცა დედასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დაიწყო ცხოვრება და ვარჯიში.
აქ მისი პირველი მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილი იყო. მანდ გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები ნამდვილ ყინულის მოედანზე. მისი ხელმძღვანელობით მოიგო ნიკამ პირველი მედლებიც. ციგურაობით ცხოვრობდა და მწვრთნელსაც თურმე სახის სერიოზული გამომეტყველებით ჰპირდებოდა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდებოდა.
მალევე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მაკა გიორგობიანის ხელშეწყობით წარმოშობით ქართველი, ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარჯიში.
ჯერ კიდევ ბავშვობაში ვარჯიშობდა ოთხმაგი ხტომების გაკეთებაში, რის გამოც ფეხი რამდენჯერმე მოიტეხა და კარიერის შეწყვეტაზეც ფიქრობდა, თუმცა არ დანებდა, წინააღმდეგობები მოტივაციად აქცია და შედეგმაც არ დააყოვნა, ახლა მას ევროპაში კონკურენტი არ ჰყავს.
23 წლის ნიკა ეგაძის მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს სირთულეების მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდათ სპორტსმენის შესაძლებლობების. დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორ დღეში ორი საამაყო ისტორია დაიწერა. ნიკა ეგაძესთან ერთად ისტორიული შედეგი დადეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ქართული ჰიმნიც ორჯერ აჟღერდა.
ეს არის ბიჭი, რომელსაც ციგურები ძალიან უყვარს, ბიჭი, რომელმაც სირთულეები ყინულივით დაამსხვრია და არასოდეს დანებდა. ყინულზე მფრინავი მოცეკვავე ნიკა ეგაძე ახლა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადება. დედას კი შორეული საქართველოდან შვილისთვის ისევ ერთი გზავნილი აქვს, როგორც მაშინ ბავშვობაში, კარიერას რომ იწყებდა და ოცნებების ასრულებაზე ფიქრობდა.