მოდის დედაქალაქი პარიზი მოდის კვირეულის მასპინძელია. წამყვანი დიზაინერები, რომლებიც მოდის ისტორიასა და მომავალს ქმნიან, მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს აცნობენ.
მიმდინარე წელი მოდის სამყაროსთვის დიდი დანაკლისით დაიწყო. მსოფლიო იტალიურ ლეგენდას დაემშვიდობა, რაც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სწორედ ამ თემატიკით გაიხსნა "ლუი ვიტონის" ჩვენება. ბრენდმა მამაკაცის ხაზი წარადგინა, თუმცა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წინ კიდევ არაერთი ჩვენებაა.
უკვე იკვეთება მთავარი ტენდენციებიც. დიზაინერებმა 2026 წლისთვის აქცენტი კლასიკურ სამოსზე გააკეთეს, კოლექციებში კი ყავისფერი ტონალობები ჭარბობს.
პარიზის მოდის კვირეული "ლუი ვიტონის" მამაკაცის ხაზის ჩვენებით გაიხსნა. დიზაინერმა ფარელ უილიამსმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომელიც თავშეკავებული ელეგანტურობითა და რბილი ტონებით გამოირჩეოდა. წარმოდგენილი იყო მსუბუქი სილუეტები, ელეგანტური შარვლები, გრძელი ლაბადები, ჰალსტუხები, ორბორტიანი კლასიკური ქურთუკები და მუქი ყავისფერი ტყავის კეპები.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო "Issey Miyake"-ს მამაკაცის საშემოდგომო კოლექციამაც. პალიტრაში შავი, ყავისფერი და ნაცრისფერი ტონები დომინირებდა. იაპონური ბრენდის ჩვენება პარიზის ერთ-ერთ ისტორიულ სივრცეში გაიმართა.
კოლექცია სახელწოდებით "გამოღვიძება" 20 იანვარს ფრანგმა დიზაინერმა ჟან ფრიომ წარადგინა. შოუ-პერფორმანსი ბალეტისა და მოდელების ჩვენების სინთეზი იყო. კოლექციაში დომინირებდა წითელი, შავი და ბორდოსფერი ტონები, აქცენტი კი ტექსტურებსა და დეტალებზე გაკეთდა.
ფურორი მოახდინა დიორის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა. "პანკ-რევოლუციის" კონცეფციით მან კლასიკურ ფრანგულ ბრენდს ახალი ენერგია შესძინა. წარმოდგენილი იყო ნაცრისფერი აბრეშუმის შარვლები, კრემისფერი ორბორტიანი პალტოები და ცხვრის ტყავით დათბილებული მოსაცმელები. მთავარი აქცენტი ავანგარდულ დეტალებზე გაკეთდა.
დიორის ჩვენებამდე როდენის მუზეუმის წინ გულშემატკივრების რიგები იდგა. მამაკაცის ხაზის ჩვენებას ცნობილი სტუმრები ესწრებოდნენ. კამერებმა დააფიქსირა კანადელი მუსიკოსი ჰენრი ლაუ და ჩინელი მსახიობი და მოდელი იუ ში.
პარიზის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას დაემთხვა. 19 იანვარს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური მოდის ლეგენდა ვალენტინო. მოდის კვირეულის სტუმრები მას განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდნენ.
პარიზის მოდის კვირეული 20 იანვარს გაიხსნა და ხვალ, ჟაკმუსის ჩვენებით დაიხურება.