როგორია მოლოდინები ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით - სასურველი შედეგის მისაღწევად პროცესი დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო კომისია გუშინ "რითეილერებსა" და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ითქვა, რომ ფასების განსაზღვრაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება. აქვე ხაზი გაესვა ბიზნესის მთავრობასთან კოორდინაციისთვის მზადყოფნას.
სურსათის გარდა, იგეგმება მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლაც. სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმეში სუსი ჩაერთვება.
"პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრები მიმდინარეობს უშუალოდ იმ ბიზნესსუბიექტებთან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ საკითხთან. როგორც ვიცით, "დედლაინიც" არის გარკვეულწილად დასახული აპრილის ბოლოსთვის, საბოლოო "რეცეპტი" უნდა იყოს გამოწერილი, თუმცა, როგორც არის იმედები, პროცესის მიმდინარეობისას იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია ფასებთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.