დიდთოვლობა, დაბალი ტემპერატურა და გართულებული ხილვადობა - ეს გარემო პირობები უხვმა ნალექმა დედაქალაქში და ქვეყნის უმეტეს რეგიონში შექმნა. გადაუღებელი თოვა თბილისში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრსაც კი გადააჭარბა.
მუნიციპალური სამსახურები 72 საათზე მეტია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თბილისის 10-ვე რაიონში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა და "თბილსერვისის" 400-ზე მეტი თანამშრომელი.
ცენტრალური გამზირების შემდეგ, სპეციალური ტექნიკა მეორეხარისხოვან გზებზე შევიდა. დედაქალაქის შემოგარენში მდებარე ჩიხებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს. ბოლო სამი დღის განმავლობაში დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.
საავტომობილო გზების გარდა, იწმინდება საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები. "თბილსერვისის" თანამშრომლებმა დღეს სრულად გაწმინდეს ჭავჭავაძის, ჩოლოყაშვილისა და მელიქიშვილის გამზირებზე მდებარე მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები.
თბილისისგან განსხვავებით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. სპეციალური ტექნიკა ცენტრალურ და შიდა გზებს წმენდს.
უხვი ნალექია კახეთშიც. დიდთოვლობის გამო მესამე დღეა თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია. რეგიონის მასშტაბით 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ. ტემპერატურა ღამის საათებში მინუს შვიდ გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი მინუს 15 გრადუსამდე დაეცემა. 23 იანვრიდან კი გამოიდარებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მძღოლებისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა.
მხოლოდ 48 საათის შემდეგ მოიხსნა შეზღუდვები გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე. დღის პირველ ნახევარში განახლდა მოძრაობა ტრაილერებისთვის კობის–გუდაურის გზაზე.