რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონები დაბომბეს. ქალაქების და დასახლებების მიმართულებით 150-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. აფეთქებებია 20 სხვადასხვა ლოკაციაზე.
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო კიევის, ზაპოროჟეს და დნიპროს ოლქებს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.
აფეთქებებია რუსეთშიც. დრონების აფეთქების შედეგად ვორონეჟში, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა ერთი ადამიანი დაშავებულია სამი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო.
"ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფიქსირებთ რუსეთის ყველა მცდელობას, გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან. ვხედავთ, რომელ ლობისტებს იზიდავს მოსკოვი, ვისი მეშვეობით ცდილობს მოქმედებას და რა შიდა ოპერაციების დაწყებას ცდილობს უკრაინასა და ევროპაში. ჩვენი პასუხი ხელშესახები იქნება – ჩვენი სპეცსამსახურების, სადაზვერვო სააგენტოების, პარტნიორებთან პოლიტიკური თანამშრომლობის და სანქციების მეშვეობით.
მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესში რუსეთისა და რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად ნაბიჯები განახლდა. ამან ნამდვილად შეიძლება იმუშაოს. რუსტემ უმეროვი კვლავ დაუკავშირდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია: ამერიკასთან დიალოგი 100%-ით კონსტრუქციული უნდა იყოს. უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დიპლომატიისთვის დაბრკოლება და ჩვენი ეფექტურობა პარტნიორებთან მუშაობისას ყოველთვის უმაღლეს დონეზეა. მხოლოდ რუსეთია ომის გაჭიანურების მიზეზი და ის იმსახურებს ყველა საპასუხო დარტყმას და ზეწოლას ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს სიცოცხლისა და ადამიანების, დიპლომატიის, პარტნიორების წინააღმდეგ. ომი უნდა დასრულდეს, ამისათვის რუსეთზე ზეწოლაა საჭირო", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.