განსხვავებული წარსული, თუმცა საერთო აწმყო და მომავლის იმედი - ხანდაზმულთა სახლში საახალწლო დღეები განსაკუთრებული და თავისებურია. იქ სადღესასწაულო დღეებს ცხოვრების გზაზე, ჭაღარა ასაკში შეძენილ მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ.
სიბერე ტკბილი უნდა იყოს - ეს იქაური ცხოვრების, მთავარი ურყევი წესია. სწორედ ამიტომ, ყველა ცდილობს, საკუთარი წვლილით თითოეული დღე ერთმანეთისთვის განსაკუთრებული გახადოს. მღერიან, ხუმრობენ, ყვებიან ისტორიებს და საახალწლო განწყობას ერთმანეთს გულით უზიარებენ.
ნინო გოგრიჭიანი ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ერთობას ათი წელის წინ შეუერთდა. ლექსების წერა 75 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონება ადამიანების სიყვარული, მშობლიური რაჭის მონატრება და ცხოვრების სევდიანი ეპიზოდებია. ერთ-ერთი ბოლო ლექსი შვილთაშვილს მიუძღვნა, მაშინ როდესაც დიდი ბებია გახდა.
საახალწლო დღეების განუყოფელი ნაწილი იუმორით გაჯერებული ისტორიები და ხუმრობებია. სუფრასთან განსაკუთრებულად გურული იუმორი ჭარბობს. მეგობრების გამხიარულება 91 წლის ციალა თავართქილაძეს არასდროს ჰბეზრდება.
ერთ ჭერქვეშ ახალ წელს იმედიანად შეხვდნენ. ყველას აქვს მოლოდინი რომ სურვილები აუსრულდებათ. სჯერათ, რომ ეს წელი თითოეული მათგანისთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი იქნება.
ხანდაზმულთა სახლში სჯერათ, რომ ახალ წელი მათთვის ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იქნება, სავსე მეგობრებით, ბედნიერი წუთებით და რწმენით, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.