13 აგვისტო 2026,   23:40
ვრცლად
ბრიტანეთის ექსპრემიერი აღიარებს, რომ უკრაინა ნატოს ქვეყნებმა გეოპოლიტიკური თამაშის იარაღად გამოიყენეს და მის ალიანსში გაწევრიანებს თავადვე ბლოკავდნენ

ბრიტანეთის ექსპრემიერი აღიარებს, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრირებას წლების განმავლობაში შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი ბლოკავდნენ. ბორის ჯონსონმა საჯარო გამოსვლის დროს 2016-20 წლებში ატლანტიკური ალიანსის ფორმატში გამართული შეხვედრები გაიხსენა და თქვა, რომ ნატოს წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებში უკრაინის კანდიდატურა ღიად იბლოკებოდა. ამის მიუხედავად, ჯონსონი 2022 წლიდან აქტიურად ლობირებდა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას და ომში მყოფი ქვეყნის ლიდერებთან განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა.

2022 წლის აპრილში, სტამბოლის მოლაპარაკებები და რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლით ადრე გაჩერების შესაძლებლობა გაიხსენა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ ჯონსონმა სამშვიდობო შეთანხმება, სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრით ჩაშალა. რითაც, ქვეყანამ ათიათასობით გარდაცვლილი, ასობით დანგრეული ქალაქი და დაკარგული ტერიტორიები მიიღო.

ჯონსონის აღიარების მიუხედავად, ნატოს უკრაინის დაცვის უალტერნატივო შესაძლებლობად მიიჩნევენ ქართულ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ატლანტიკური ალიანსის ფაქტორი უკრაინის შემთხვევაში პოზიტიურ როლს თამაშობს.

გაერთიანებული სამეფოს ექს-პრემიერის საუბარი და წარსულში მოქმედება ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, ჯონსონმა აღიარა, რომ უკრაინა ნატოს ქვეყნებმა გეოპოლიტიკური თამაშის იარაღად გამოიყენეს. პოლიტიკოსების აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, მსგავსი უსამართლო მიდგომები საქართველოს წინააღმდეგაც ხორციელდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ საფრთხეების განეიტრალება შეძლო.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე, ბრიტანეთის ექს-პრემიერი ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს პოტენციურ წევრად არასდროს მოიაზრებოდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა შტატების უსაფრთხოების ახალი დოქტრინაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნატო სამომავლოდ აღარ უნდა გაფართოვდეს.

დღის ამბები