რა საერთო შეიძლება ჰქონდეს "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოსა" და "ალტ ინფოს"? პარადოქსული ალიანსის მიზნები გაშიფრულია. მმართველი გუნდი ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ამხელს. სააკაშვილისა და ბიზნესმენების პარტიას, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ, მხარი "ალტ ინფომაც" აუბა და დეზინფორმაციულ, უარგუმენტო კამპანიაშიც აქტიურად ჩაება.
როცა საქმე გარე დავალების შესრულებას ეხება, პოლიტიკური ამნეზიაც არ აყოვნებს და დღის წესრიგში ორმაგი სტანდარტი აქტიურდება. ავანსცენაზე კონსტანტინე მორგოშიაა. "ალტ ინფოს" დამფუძნებელმა, ალბათ, გეოგრაფია იცის, თუმცა ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ, ქუვეითის მოქალაქეებისთვის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს საძირკველს უყრიდა, მოგვიანებით კი პატრიოტიზმის მანტია მოირგო და "იგლ ჰილსის" მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩაეწერა. სატელევიზიო არქივი მის ბიზნესგეგმებსა და იდეებზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ინახავს.
ისტორიული ინვესტიციის მოწინააღმდეგეებმა უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტს ბევრი სახელიც მოუფიქრეს და ეპითეტიც, მათ შორის, "არაბული ანექსია". შეფასების ავტორი დღეს ამტკიცებს, რომ მის პროექტს ტურისტული მიზანი ჰქონდა, არადა, ეს მიზანი სწორედ ქუვეითის მოქალაქეებზე იყო გათვლილი. მორგოშია არაბული სახელმწიფოდან ტურისტებს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში ეპატიჟებოდა.
"ალტ ინფომდე", იყო "ლელო". ბიზნესმენების პარტიამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის წინააღმდეგ, ყველა პლატფორმაზე გაილაშქრა, მათმა განცხადებებმა კი ქსენოფობიური ხასიათი მიიღო. აანონსებდნენ მეჩეთების მშენებლობას. რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაში მათ არც "ნაციონალური მოძრაობა" ჩამორჩენია - პარტია, რომლის ლიდერს "სინგაპურიზაცია" ეროვნულ მიზნად ჰქონდა დასახული.
"იგლ ჰილსის" პროექტის მოწინააღმდეგეების სურვილები რეალობად ვერ იქცა - დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ხელისუფლება უკომპრომისო იქნება. მმართველი გუნდი ასე ოპონენტებს პასუხობს და უპრეცედენტო პროექტის დეტალებზე საუბრობს. 24 ათასი სამუშაო ადგილი მშენებლობის პროცესში, 8 ათასი მუდმივად დასაქმებული, 500-მილიონიანი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად. ამასთან, მიწის მესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, ინვესტორს მისი გასხვისების უფლება არ ექნება.
მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმებულია, საქართველოს დედაქალაქსა და ზღვისპირა რეგიონში კი მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.