18 ივნისი 2026,   23:02
ვრცლად
დონალდ ტრამპის მორიგი ულტიმატუმი დაკმაყოფილდა - ზელენსკი დათანხმდა, საპრეზიდენტო არჩევნები 2-3 თვეში ჩაატაროს

"ახალი არჩევნების საკითხი სრულად უკრაინელ ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე სხვა ქვეყანას" - ასე დაიწყო, თუმცა სხვაგვარად დაასრულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თითქმის 6-წუთიან სატელეფონო ინტერვიუში პოზიცია ორჯერ შეცვალა. საბოლოოდ კი, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა მაინც მიიჩნია, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი, შესაძლოა, სტრატეგიულმა პარტნიორმაც გადაწყვიტოს. ამით, დონალდ ტრამპის მორიგი ულტიმატუმი დაკმაყოფილდა, ხოლო ოფიციალურმა კიევმა დაადასტურა, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს უახლოეს 2-3 თვეში ჩაატარებს.

უკრაინაში რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა "პოლიტიკოსთან" ინტერვიუში თქვა. ახლა, საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფორმით ცდილობს დონალდ ტრამპი ევროპის კონტინენტზე 3-წლიანი ომის დასრულებას. თუ სხვადასხვა სტატიებსა და მოსაზრებებს დავეყრდნობით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, შიდა წყაროების მიერ კულუარებიდან გამოტანილ ინფორმაციას ეფუძნება, ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკისთან დიალოგისთვის ყველა სივრცე დახურულია.

ამ ყველაფრის ფონზე კი, კიევის მოქმედი ხელისუფლების მდგომარეობას მიმდინარე არაერთი კორუფციული სკანდალი ამძაფრებს, რომლის გამოც თანამდებობის დატოვება ბევრ მაღალჩინოსანს მოუწია. ფაქტია, რომ სათქმელს კულუარული ინფორმაციის მიღმაც არავინ მალავს. მაგალითად, ტრამპი ღიად ამბობს, რომ ზელენსკი და მისი გუნდი ომს არჩევნებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს.

ის, რასაც შტატების პრეზიდენტი ამბობს, უფრო განავრცო უცხოურმა მედიამ. "ფაინანშალ თაიმსთან" ანონიმურ ინტერვიუებში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა "ცოდვა გამხელილი სჯობს" მოტივით, აღიარეს, რომ ზელენსკი ახლა ამერიკის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდის, ხოლო ევროპელი ლიდერები მას ჯერ ვერაფრით ეხმარებიან. კერძოდ, ბრიტანული გაზეთი იტყობინება, რომ ტრამპის წარმომადგენლებმა - ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენეს და, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, დრო 25 დეკემბრამდე, ანუ შობამდე მისცეს.

კიევიდან ისევ ვაშინგტონში თუ დავბრუნდებით, ვნახავთ, რომ ტრამპის ტონი მკაცრია, ხოლო გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება. პენსილვანიის გამზირზე, თეთრ სახლში მყოფი შტატების 47-ე პრეზიდენტი მის მიერ უკრაინისთვის წაყენებულ ულტიმატუმებს არგუმენტად ზუსტ მათემატიკურ გამოთვლებს, ანუ იმ თანხებს ურთავს, რაც, მისივე თქმით, წაგებულ ომში დაიხარჯა.

ტრამპის განცხადების პარალელურად, ევროპაში ჩასული ზელენსკი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პასუხს ევროპელი ლიდერებისგან ელოდა, რა დროსაც ტრამპმა ბრიუსელი, კიდევ ერთხელ, თავისივე კაბინეტიდან მკაცრად გააკრიტიკა.

ამასობაში, უკრაინაში მიმდინარე ომს თებერვალში 4 წელი შეუსრულდება. ამ დრომდე სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზზე და მის მიღმა არ წყდება. ვოლოდიმირ ზელენსკი კი, სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად, საბოლოო პასუხს ბრიუსელიდან ელის, რომელიც, უკვე დიდი ხანია, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

დღის ამბები