14 აგვისტო 2026,   14:32
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ევროპელ პოლიტიკოსებს ურჩევს, მუდმივი თავდასხმების ნაცვლად, ევროკავშირში არსებული მძიმე ვითარების გაჯანსაღებაზე იზრუნონ - ევროპის კრიზისზე უკვე ღიად საუბრობს აშშ-იც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ბრალდების ადრესატები ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ის პირველი პირები არიან, ვინც ამტკიცებს, რომ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ერევიან. საუბარია კაია კალასისა და ანტონიო კოშტას განცხადებებზე, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიულ დოკუმენტში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკასა და დონალდ ტრამპის მძიმე ბრალდებებს მოჰყვა, სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ბრიუსელს დღეს თბილისიდან უთხრეს, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება და საქართველოში მძიმე პროცესების განვითარების სურვილი მხოლოდ ევროპულ სტრუქტურებს დააზიანებს.

ევროპულმა ბიუროკრატიამ შეურაცხყოფად და პროვოკაციად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიჩნია, რომელსაც მალევე მოჰყვა შტატების 47-ე პრეზიდენტის მწვავე კრიტიკაც. თეთრი სახლის ლიდერმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს პირდაპირ უთხრა, რომ საკუთარ ქვეყნებს ანადგურებენ და ცუდი მიმართულებით მიდიან, რასაც ჯერ ანტონიო კოშტამ, შემდეგ კი კაია კალასმა უპასუხა.

ანალოგიური მოთხოვნა აქვს თბილისსაც, ბრიუსელის მიმართ, თუმცა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, ევროკავშირის უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბრიუსელი დიდი ხანია თავდასხმით პასუხობს. ახლა, როდესაც ევროკავშირის პრობლემებზე მათი უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი - ამერიკა საუბრობს, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი პროცესის იგნორირებას ვეღარ შეძლებს.

ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ბრიუსელის ბიუროკრატების ქართველი პარტნიორების მტკიცებით, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად ვერც საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმები და ვერც საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა ჩაითვლება.

ოპონენტებს და მათ ევროპელ პარტნიორებს დღეს "ქართული ოცნებიდან" შეახსენეს, რომ თბილისმა, ბრიუსელის ანტისახელმწიფოებრივი მიზნებზე დიდი ხანია იცის. მათ შორის იმ გეგმაზე, რომელიც ქვეყანაში მძიმე პროცესისა და მაიდნის სცენარის განვითარებას გულისხმობს.

საქართველოს ხელისუფლება ევროპელ პოლიტიკოსებს ურჩევს, მუდმივი თავდასხმების ნაცვლად, ევროკავშირში არსებული მძიმე ვითარების გაჯანსაღებაზე იზრუნონ.

ევროპის კრიზისზე უკვე ღიად საუბრობს ამერიკაც - ევროკავშირის მთავარი პარტნიორი, რომელმაც ბრიუსელის პოლიტიკის მიმართ მიდგომები და ხედვა თეთრ სახლში ახალი ლიდერის, შტატების 47-ე პრეზიდენტის მისვლის შემდეგ შეცვალა.

დღის ამბები