05 აგვისტო 2026,   19:22
ვრცლად
სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სასამართლოში

სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - საქალაქო სასამართლოში, ამჯერად სწორედ ამ ბრალდებით დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა. "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თავს დამნაშავედ არც ამ საქმეში მიიჩნევს.

სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, სწორედ დოკუმენტებით დასტურდება გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობა. პროკურორის განცხადებით, თავდაპირველი გათვლებით "მტკვარი ჰესი" მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც "მტკვარი ჰესის" მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. შედეგად კი, "მტკვარი ჰესის" საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.

გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისგებაში მიცემა ის საკითხია, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას პარტიებს ერთი პოზიცია აქვთ - მათთვის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავე არ არის.

კითხვის ნიშნები ბაჩიაშვილის მიმართ არ აქვს ხელისუფლებას. ოპონენტებს ახსენებენ, რომ პოლიტიკა თავშესაფარი არ არის, "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით კი ურჩევენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის უკვე მსჯავრდებულია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებაში და ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბაჩიაშვილი ასევე მსჯავრდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის.

დღის ამბები