19 ივნისი 2026,   13:41
ვრცლად
დიპლომატიური სკანდალი თუ სტანდარტული დიპლომატიური მოლაპარაკება - "ბლუმბერგმა" სამშვიდობო შეთანხმების შესახებ უიტკოფისა და უშაკოვის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

სატელეფონო საუბარი "ბლუმბერგმა" გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, დიალოგი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს და ამერიკის პრეზიდენტის მომლაპარაკებელს შორის შედგა. სტივ უიტკოფი რეკომენდაციებს აძლევს იური უშაკოვს, თუ როგორ უნდა ესაუბროს პუტინი ტრამპს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გაძლიერდეს და ამერიკის პრეზიდენტმა დაინახოს, რომ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს.

ჩანაწერების შესახებ დასმულ შეკითხვას ამერიკის პრეზიდენტმა, "ეარ ფორს ვანის" ბორტზე უპასუხა. ტრამპმა მედიასთან განმარტა, რომ უიტკოფს და უშაკოვს შორის მოლაპარაკება სტანდარტული დიპლომატიური პრაქტიკით მიმდინარეობდა. ამერიკის პრეზიდენტმა სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა. ტრამპი ამბობს, რომ ომის დასრულების მიზნით კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე დათმობებს დათანხმდა.

ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, დონალდ ტრამპის გუნდი რესპუბლიკელი კანონმდებლების კრიტიკის სამიზნე გახდა. "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები სწორედ იმ კონგრესმენებს არ მოსწონთ, რომლებიც თვლიან, რომ თეთრი სახლი ომის სწრაფად დასრულებას ცდილობს და ამისთვის კრემლთან დათმობებზე მიდის.

ცნობილია მოსკოვის პოზიციაც, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ "ბლუმბერგის" ჩანაწერების გავრცელება სამშვიდობო პროცესის ჩაშლას და ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ემსახურება.

დიპლომატიური სკანდალის პარალელურად, უკრაინის მოკავშირეებმა ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. "მსურველთა კოალიციის" მონაწილეებმა ონლაინ შეხვედრის დროს კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს და მოსკოვზე ზეწოლის გაგრძელების პირობა დადეს.

სამშვიდობო ძალისხმევის პარალელურად, უკრაინაში ომი არ წყდება. დარტყმის სამიზნე ზაპოროჟიე გახდა. ქალაქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. დაზიანებულია შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, ქალაქში სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები