19 ივნისი 2026,   01:48
ვრცლად
უკრაინაში კორუფციული სკანდალი გრძელდება - რადაში ახლა მთავრობის გადაყენებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ და გადაწყვეტილებებს ქვეყნის პრეზიდენტისგან ელოდებიან

უკრაინაში კორიფციული სკანდალი და მისი შედეგი გრძელდება. რადას ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა ტრიბუნა დაბლოკეს და კორუფციული სკანდალის ფიგურანტი ორი მინისტრის გადაყენების პროცედურა ჩაშალეს.

მოგვიანებით, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მთავარი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა უცვლელი დარჩა - მინისტრების თანამდებობიდან გაშვება საკმარისი არ არის და მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს. ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა, გაირკვეს, თუ რა როლი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს სახელმწიფო კომპანიიდან 100 მილიონი დოლარის მითვისების საქმეში. მედიის ცნობით, ანდრეი ერმაკი ანტიკორუფციული ბიუროს ჩანაწერებში, სავარაუდოდ, "ალი ბაბას" სახელით ფიგურირებს.

"ალი ბაბა" ერთადერთი ლიტერატურული პერსონაჟი არ არის, რომელიც რადაში ტრიბუნიდან დეპუტატებმა ახსენეს. ოპოზიციონერი დმიტრო რაზუმკოვის შეფასებით, ზელენსკის უახლოესი გარემოცვიდან კორუფციულ სკანდალში "კარლსონებიც" მონაწილეობენ. ისინი ქვეყნიდან ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად გაფრინდნენ. საუბარია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანზეც, რომლის მიმართ, მედიის ცნობით, ანტიკორუფციულ უწყებას შეკითხვები აქვს. მან ქვეყანა ერთი კვირის წინ გადაუდებელი მივლინების მოტივით დატოვა.

უმაღლეს რადაში ახლა მთავრობის გადაყენებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ და კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ქვეყნის პრეზიდენტისგან ელოდებიან. უკრაინული მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა, როგორც საკუთარი პოლიტიკური პარტიის "ხალხის მსახურს" წევრებთან, ასევე ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს "ევროპული სოლიდარობისა" და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშჩინას" წარმომადგენლებთან მოუწევს.

შეკითხვების ადრესატს, კორუფციულ სკანდალში საკუთარი გუნდის წევრების და უახლოესი მეგობრების ჩართულობის შესახებ ამ დრომდე თავად არ უსაუბრია. ვოლოდიმირ ზელენსკის, კორუფციასთან ბრძოლის საჭიროების შესახებ, საფრანგეთში მისი ვიზიტის დროს ფრანგმა კოლეგამ შეახსენა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით რეფორმების განხორციელება სჭირდება.

ვიდრე ქვეყნის ანტიკორუფციული უწყებები და ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ დაადგინონ თუ რა ზარალი მიაყენა ქვეყნის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას კორუფციამ, ამ სფეროში დასაქმებულებს მუშაობა რუსეთის მხრიდან ყოველდღიური თავდასხმების ფონზე სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.

კორუფციული სკანდალის კიდევ ერთი მონაწილე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ქვეყნის ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი სახელმწიფო კომპანიიდან თანხის მითვისების საქმეზეა ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, ჩერნიშოვი კორუფციული სქემის მონაწილეებისგან თანხას იღებდა და შემდგომ მის ლეგალიზებას ახდენდა. თავად ექსპრემიერი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალის მთავარ ფიგურანტად ზელენსკის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთი წევრი თემურ მინდიჩი სახელდება, რომელმაც ქვეყანა დატოვა და გავრცელებული ცნობით ამ დრომდე ისრაელში რჩება.

დღის ამბები